ტყვიის მსროლელი ტყუპი დები თელავიდან
სალომე და მარიამ ფროდიაშვილები 19 წლის ტყუპი დები არიან თელავიდან. წარმატებისკენ მიმავალ გზაზე პირველ და მეორე ადგილებს ინაწილებდნენ, თავდაპირველად, თელავის თასი, თბილისის თასი, საქართველოს თასი, შემდეგ უკვე საერთაშორისო შეჯიბრებები: ბაქო, გერმანია, ნორვეგია, ევროპის ჩემპიონატი, მსოფლიო ჩემპიონატი. 10 მეტრზე ტყვიის სროლაში წელს შეძლეს და მოიპოვეს ევროპის ჩემპიონობა. წინ დიდი გზა და მეტი წარმატებაა, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენს რუბრიკა ,,ახალ თაობაში'' გთავაზობთ მათთან ინტერვიუს
პირველ რიგში გვითხარით როდის და რატომ დაინტერესდით სპორტის ამ სახეობით?
2019 წელს თელავის სკოლებს შორის ჩატარდა შეჯიბრი ტყვიის სროლაში, სადაც ჩვენი სკოლა მე და ჩემმა დამ წარვადგინეთ. მაშინ პირველად გვქონდა შეხება იარაღთან და ჩვენს გასაკვირად, ქალაქის პირველობაზე ვერცხლი და ბრინჯაო მოვიპოვეთ. მწვრთნელი მამას გაესაუბრა და სთხოვა, სროლაზე სიარული დაგვეწყო, რადგან ჩვენში ტალანტსა და დიდ მომავალს ხედავდა. ჩვენ დავთანხმდით და 2019 წლის 3 ოქტომბერს ასე დაიწყო ჩვენი ისტორია.
თუ შეიძლება მოგვიყვეთ, რამდენად დიდი გამოწვევაა ის, რომ ორივე ტყუპი და ერთი და იგივე სპორტის სახეობით ხართ დაინტერესებული
ყველა მედალს 2 მხარე აქვს. როგორც ტყუპებზე სჩვევიათ, მუდმივად ერთმანეთს გვადარებს ყველა, სულ იმას გვეკითხებიან, აბა, რომელი უფრო კარგად ისვრით, რომელი უფრო მაგარია თქვენს შორის, რაც ნამდვილად არ არის სასიამოვნო მოსასმენი. თან, სროლა ისეთი არასტაბილური სპორტია, არავინ იცის ვინ რას გააკეთებს, ამიტომ ვერავისზე იტყვი ასე დაზუსტებით, რომ უფრო მაგარია. ბევრი შეჯიბრი ყოფილა, სადაც ზუსტად ერთი და იგივე შედეგი დაგვიდია. ზოგჯერ მარიამი უფრო უკეთ გამოდის, ზოგჯერ კი მე. რაც შეეხება, მედლის მეორე მხარეს, ვიცი, რომ ჩვენ ერთმანეთის გარეშე დღეს იქ ვერ ვიდგებოდით, სადაც ახლა ვართ. მუდამ ერთმანეთს ვაძლიერებთ, ერთმანეთს მხარში ვუდგავართ, ვასწავლით იმას რაც საჭიროა და ვახსენებთ იმას, რაც არც ერთმა სპორტსმენმა არ უნდა დაივიწყოს მიზნებისკენ მიმავალ რთულ გზაზე.
რამდენად პოპულარულია საქართველოში სპორტის ეს სახეობა და რაიმე რჩევა გექნებოდათ თუ არა იმ დამწყებებისთვის, რომლებიც ახლა შეუდგნენ ამ გზას?
ალბათ დიდად პოპულარული არ არის, რადგან ტირში სროლის სიამოვნება საქართველოში მხოლოდ 3 ქალაქს გააჩნია. დამწყებებს ვეტყოდი, რომ შესაძლოა ხანდახან სროლა კარგად არ გამოსდიოდეთ და მიზეზსაც ვერ ხვდებოდნენ. ბევრისთვის ეს ხდება ხელის ჩაქნევის მიზეზი, მე კი ვფიქრობ, რომ ზუსტად ასეთ დროს ხვდება ადამიანი, რამდენად უღირს ამ კონკრეტულ საქმეში ენერგიისა და ნებისყოფის ჩადება. თუ ეს სპორტი გიყვარს, უნდა ჩათვალო, რომ ნერგს ყოველდღიურად უსხამ წყალს შენი ვარჯიშით, იმიტომ რომ ოდესღაც აყვავდეს და ნაყოფი გამოიღოს. ხე ხომ 1 თვეში არ იზრდება? 1 თვის შემდეგ ვინ წყვეტს ნერგის მორწყვას იმის გამო რომ ხედ არ იქცა? უნდა დაელოდო.
რამდენად დიდი გავლენა იქონია თქვენზე იმ ფაქტმა, რომ საქართველოში ამდენად წარმატებული ქართველი ქალი სპორტსმენი ნინო სალუქვაძე გვყავს?
ალბათ გავლენა იმ მხრივ იქონია, რომ ყოველდღიურად მისი ნახვა არ მაძლევს იმის დავიწყების საშუალებას, რომ ის ვინც შრომობს, მიზანს ყოველთვის აღწევს, რადგან, როგორც ნინო მასწავლებელი ამბობს, შრომა ადრე თუ გვიან ყოველთვის ფასდება.
როგორ ფიქრობთ, რა არის ის მთავარი კრიტერიუმი, რომელიც სპორტის ამ სახეობაში წარმატების მისაღწევადაა აუცილებელი?
დისციპლინა, ნებისყოფა, შრომა და, რა თქმა უნდა, საქმის სიყვარული. ამ ყოველივეს გარეშე წარმატება შეუძლებელია ნებისმიერ საქმეში.
საქართველოს ნაკრებზეც რომ გვესაუბროთ, როგორც ვიცით ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდით, გარდა ამისა, მარიამმა ინდივიდუალური რეკორდიც დაამყარა, ემოციების შესახებ რომ გვესაუბროთ, რას გრძნობდით იმ წუთებში?
თითოეული მედალი მთელი გუნდისთვის ბედნიერების მომტანი იყო და ის წუთები, როდესაც ყველა ვიბრძოდით მათ მოსაპოვებლად - დაუვიწყარი.
ევროპის ჩემპიონატის პირველი ოქროს მედალი შერეულ წყვილებში მარიამ ფროდიაშვილისა და გიორგი მუმლაძის წყვილმა მოიპოვა. ეს არა მარტო მათთვის იყო პირველი, არამედ საქართველოს ტყვიის სროლის ისტორიაშიც პირველი ოქროს მედალი იყო ახალგაზრდებში. შემდეგ გუნდური ოქრო მოყვა ამას და იმავე დღე მარიამმა ევროპის ახალგაზრული რეკორდით და მესამე ოქროს მედლით დააგვირგვინა. ფინალის მსვლელობის დროს მთელი გუნდი აუდიტორიაში ვისხედით. იგრძნობოდა ყველას დაძაბულობა და ღელვა. ყველა გასროლას ჩვენი ემოციები ერთვოდა თან. წლის დაწყებიდან რამდენიმე საერთაშორისო შეჯიბრი გავიარეთ საკმაოდ წარმატებულად, ყველა სინჯის მედლით დავასრულეთ, რაც იმის ფიქრის საშუალებას გვაძლევდა რომ ევროპის ჩემპიონატზეც გვქონდა რაღაც შანსი მაგრამ რეკორდი? რეკორდი ყველა ჩვენგანისთვის წარმოუდგენელი იყო.
ყველა ფინალი ხმაურით გამოირჩევა ყოველთვის, ჩვენც ნერვიულობის დროს ერთმანეთში განვიხილავთ ფინალისტების გასროლებს მაგრამ იმ დღეს, როდესაც მარიამი პირადი პირველობისთვის რვა საუკეთესო მსროლელს შორის იბრძოდა, ყველა უცნაურად ჩუმად ვისხედით. ყველა ჩვენს გულში ვღელავდით და ვლოცულობდით. თან განცვიფრებულები ვიყავით იმ შედეგით, რასაც ის აკეთებდა. ყოველი გასროლა წინაზე უკეთესი იყო. მთელს დარბაზში ოვაციები ისმოდა, ყველა შეძრწუნებული იყო ამ პატარა გოგომ, რა დიდი ამბები დაატრიალა ევროპის ჩემპიონატზე თავის გუნდთან ერთად.
ასევე, გვაინტერესებს რა დაბრკოლებებს აწყდებიან საქართველოში ტყვიის სროლით დაინტერესებული სპორტსმენები?
საქართველოში სასროლეთების ნაკლებობა დიდი პრობლემაა. ამას ხელს უწყობს მწვრთნელების მცირერიცხოვნობაც. ამის გამო ჩვენს ქვეყანაში სპორტსმენების საკმაოდ პატარა არჩევანია.
და ბოლოს, შემდეგი რა გამოწვევაა, უახლოეს მომავალში რა გეგმები გაქვთ?
შემდეგი სერიოზული ტურნირი ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატია, რომელიც სექტემბერში, პერუში გაიმართება. მანამდე კი შეკრებებით და მორიგი შეჯიბრებებით დატვირთული მოსამზადებელი პერიოდი გველოდება.