ტრადიციული მსვლელობა: ქომაგები საქართველოს ნაკრებს განწყობას მატჩის დაწყებამდე შეუქმნიან
საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში მონაწილეობას მიიღებს და ისტორიაში პირველად, დიდ ფორუმზე მოხვედრას შეეცდება.
ნახევარფინალური ეტაპის მატჩი თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე", 21 მარტს გაიმართება და თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები ფინალში გავა და იქ ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის საბერძნეთი-ყაზახეთის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.
ნახევარფინალური მატჩის დაწყების წინ, საქართველოს ნაკრებს ტრადიციულად, "ქართული სპორტის ქომაგები" გაამხნევებენ. გულშემატკივრები ტრადიციულ მსვლელობას აღმაშენებლის გამზირის #127-ის მიმდებარე ტერიტორიიდან, 18:00 საათზე დაიწყებენ და "დინამო არენასთან" შეძახილებით, სიმღერებითა და ქომაგობით მივლენ.
ქართული სპორტის ქომაგების მსვლელობაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ გულშემატკივარს შეეძლება. მთავარია, რომ ქომაგებმა თეთრი ან წითელი ფერის მაისური მოირგოს, რათა საქართველოს ნაკრებისთვის შესაბამის ფერებში იყოს გამოწყობილი. გულშემატკივრების რაოდენობა და როგორც, ქალაქში, ისე უშუალოდ ტრიბუნებიდან წამოსული მუხტი ფეხბურთელებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იქნება.
საქართველოს ნაკრების და ლუქსემბურგის მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.