Belive

ანდრეი დემჩენკო: „ზამთარში შეცდომები მოგვივიდა, მაგრამ ახლა გუნდი გავაძლიერეთ“

5 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

„დინამო ბათუმის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი დემჩენკომ, უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის სასტარტო მატჩში „ლუდოგორეცთან“ შეხვედრის წინ კომენტარი გააკეთა.

"ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ პოტენციურ მეტოქეთა შორის „ლუდოგორეცი“ ყველაზე ძლიერი გუნდია. ამის დასტური ის გახლავთ, რომ გუნდმა ბულგარეთის ჩემპიონატის მოგება ზედიზედ 13-ჯერ მოახერხა და ამ მიღწევას პატივი უნდა ვცეთ.

ეს გუნდი გასულ წლებში უეფას ჩემპიონთა და ევროპის კონფერენს ლიგების ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობას რეგულარულად იღებს. მათ კარგი გამოცდილება აქვთ.

ჩვენი უპირატესობა ის არის, რომ საქართველოს ჩემპიონატი ისევ გრძელდება, ბულგარეთში კი ახალი სეზონი ჯერ არ დაწყებულა. ეს ასპექტი გარკვეულწილად შანსებს აბალანსებს.

კარგია, რომ მეორე მატჩი საშინაო კედლებში, ჩვენი გულშემატკივრების წინაშე უნდა ჩავატაროთ. ეს ჩვენთვის უკეთესია.

უნდა ვაღიაროთ, რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდის დროს კარგად ვერ ვიმუშავეთ და შეცდომები მოგვივიდა. ახლა, გუნდი რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა, განახლებასა და სელექციაზე კი უკეთ ვიმუშავეთ და შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაკომპლექტების პროცესის დიდი ნაწილი უკვე შევასრულეთ.

გასულ პერიოდში სუპერ თასზე ორი ოფიციალური და ერთიც ამხანაგური მატჩი ვითამაშეთ. გუნდის ძირითადი ბირთვი კარგად არის მომზადებული. ასევე, წერტილოვნად, სხვადასხვა პოზიციაზე შემადგენლობა გავაძლიერეთ. ხარისხიანი ფეხბურთელები დავიმატეთ.

შიდა ჩემპიონატისა და ჩემპიონთა ლიგის დონე რა თქმა უნდა, განსხვავდება. ყოველი ახალი მატჩი შემდეგი მეტოქისთვის მომზადებაა.

ევროპის ჩემპიონატმა აჩვენა, რომ ყველა გუნდს შეუძლია ნებისმიერ მეტოქესთან გამარჯვება. ამის ნათელი მაგალითი საქართველოს ნაკრების მიერ პორტუგალიასთან გამარჯვებაა“, - თქვა უკრაინელმა სპეციალისტმა.

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ბულგარეთის ყველაზე ტიტულოვან გუნდს რაზგრადის სტადიონზე 10 ივლისს შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები