Belive

თორნიკე შენგელია ევრობასკეტის რეკორდსმენთა სიაშია

3 თვის წინ ქართული სპორტი
2 წთ

ევრობასკეტის ოფიციალურმა გვერდმა ტურნირის ყველა დროის საუკეთესო ინდივიდუალური რეკორდები გამოაქვეყნა, სადაც თორნიკე შენგელიაც მოხვდა.

კერძოდ, საქართველოს ნაკრების კაპიტანი მესამე ადგილს იკავებს იმ კალათბურთელებს შორის, ვისაც ერთ მატჩში ყველაზე მეტი მოხსნა ჰქონია. ეს მიღწევა თოკომ 2017 წელს, თელ-ავივში, ისრაელის ნაკრების წინააღმდეგ დააფიქსირა, სადაც მისი სრული მონაგარი ასე გამოიყურებოდა - 25 ქულა, 19 მოხსნა, 4 ასისტი, 1 ბლოკი.

ის მატჩი ოვერტაიმში 104:91 მოვიგეთ, რაც სამწუხაროდ ჯგუფიდან გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა.

პირველ ადგილს ლეგენდარული არვიდას საბონისი იკავებს ერთ მატჩში მოხსნილი 23 ბურთით, მეორე ლატვიელი ანდრის ბიედრინსია 20 მოხსნით, ხოლო მესამე ადგილს თოკოსთან ლეგენდარული დირკ ნოვიცკი და პერო ანტიჩი იყოფენ.

რაც შეეხება სხვა სტატისტიკურ მონაცემებს - ქულებში ბელგიელი ედი ტერასი ლიდერობს, 1957 წელს, მან ალბანეთს 63 ქულა ჩაუგდო. მეორე ადგილზე ლუკა დონჩიჩია 47 ქულით, ხოლო 3-4 ადგილებზე ლეგენდარული ნიკოს გალისი 46 და 45 ქულით.

საინტერესოა რომ შედეგიან გადაცემებში პირველ ორ ადგილს ჩეხი ტომაშ სატორანსკი იკავებს 17 და 15 ასისტით, მესამე კი გენიალური სერბი გამთამაშებელი მილოშ ტეოდოსიჩია 14 პასით.

View this post on Instagram

A post shared by FIBA EuroBasket (@eurobasket)

თორნიკე შენგელიას ამ და სხვა მაჩვენებლების გაუმჯობესების საშუალება 28 აგვისტოდან ექნება, როდესაც საქართველოს ნაკრებისთვის ზედიზედ მეექვსე ევრობასკეტი აიღებს სტარტს, ჩვენი მეტოქეები კი ესპანეთი, საბერძნეთი, იტალია, ბოსნია და კვიპროსი იქნებიან.

სხვა სტატიები