Belive

თამაშის ხარისხი აუცილებლად უნდა გავაუმჯობესოთ - შოთა არველაძე

2 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ
ინგლისის ჩემპიონშიპის 32-ე ტურის შეხვედრაში, "ჰალი" "ფულჰემს" დაუპირისპირდება - მატჩი 12 თებერვალს, თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება. ჩემპიონშიპის ლიდერთან გასამართი მატჩის წინ, "ჰალის" ოფიციალურ ვებგვერდზე შოთა არველაძის ინტერვიუ გამოქვეყნდა. "ვეფხვების" მთავარი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ მისმა ფეხბურთელებმა თამაშის ხარისხი უნდა გააუმჯობესონ, "ფულჰემი" კი ამ დროისათვის ჩემპიონშიპის საუკეთესო გუნდია, რომელიც იდეალურ ფეხბურთს თამაშობს. მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის შემდეგ, შოთა არველაძის მეთაურობით "ჰალი" მეოთხე მატჩს გამართავს - მართალია არველაძის სადებიუტო შეხვედაში "ჰალმა" "სუონსი" დაამარცხა (2:0) თუმცა "პრესტონისა" (0:1) და "დერბის" (3:1) წინააღმდეგ "ვეფხვები" დამარცხდნენ. არველაძე განსაკუთრებით კრიტიკულად "დერბისთან" გამართულ მატჩს მიუდგა, რომლის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ იმედგაცრუებულია.
"ფეხბურთში ყოველთვის წინ უნდა იყურო. განვლილი მატჩებიდან რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია უნდა მიიღო და სწორი ანალიზი გააკეთო. მატჩიდან მატჩამდე ვარჯიშისათვის არც ისე დიდი დრო გვქონდა. "დერბის" წინააღმდეგ ნაჩვენები თამაშით იმედგაცრუებული ვარ - აუცილებლად უნდა გავაუმჯობესოთ. ფეხბურთელები საკითხს გულისხმიერებით მიუდგნენ და ვარჯიშზე აჩვენეს, რომ გაუმჯობესების პოტენციალი აქვთ - ვიმედოვნებ, ამ ყველაფრის ჩვენებას მატჩშიც შეძლებენ".
"ჰალის" მთავარმა მწვრთნელმა "ფულჰემის" წინააღმდეგ გასამართ მატჩზეც ისაუბრა და მეტოქე გუნდის მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
"თუ დააკვირდებით გატანილ გოლებს, მათი თამაშის ხარისხსა და ქულებს, რომელიც გუნდმა მოიპოვა, შეიძლება ითქვას, რომ ამ დროისათვის "ფულჰემი" ჩემპიონშიპის საუკეთესო გუნდია. "ფულჰემი" სრულყოფილი გუნდია. არ ვიცი რამდენი ხანია, რაც ერთად თამაშობენ, მაგრამ საკმაოდ შეკრული და ორგანიზებული გუნდია, რომლის წევრებსაც ერთმანეთის კარგად ესმით - ისინი სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობენ", - აღნიშნავს შოთა არველაძე.
 

სხვა სტატიები