Belive

თემურ ქეცბაია: "თავიდანვე მინდოდა, საქართველო არ შეგვხვედროდა, ეს ჩემთვის ორი ძალიან რთული მატჩია"

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით, საქართველოს ეროვნული ნაკრები კვიპროსს უმასპინძლებს.

მატჩის წინ, სტუმარი გუნდის ამჟამინდელმა და საქართველოს ეროვნული გუნდის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში, ქართველი და კვიპროსელი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

"სანამ ჩვენი ჯგუფი დაიწყებოდა, ვიცოდით, თუ რა სირთულეების წინაშე ვიყავით. სამწუხაროდ, უკვე 6 მატჩი ჩავატარეთ და ქულის აღება ვერ მოვახერხეთ. ხვალ საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ გვიწევს თამაში, იმ გუნდის, რომელიც ძალიან ნიჭერი ახალგაზრდა ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, ისეთებით, რომელთაც თამაშის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ. იმედი მაქვს, ამ მატჩში რაიმე ღირებულის შექმნას მოვახერხებთ.

საქართველოს ნაკრებთან არც ისე შორს ვიყავით ქულის აღებასთან, თუმცა მაინც ვერ შევძელით. ხვალაც ძნელი მატჩი გველოდება.

ამჟამას კვიპროსის ნაკრების მწვრთნელი ვარ, რა იქნება მომავალში, საქართველოს ნაკრებში პოტენციურ დაბრუნებასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე საუბარი არ მსურს.

ჩემთვის, როგორც ქართველისთვის, თავიდანვე არასასურველი იყო ეს დაპირისპირება, სამწუხაროდ ეს ასე მოხდა და არც ხვალინდელი შეხვედრა იქნება ჩემთვის მარტივი, პირველის მსგავსად. მთელი ჩემი ცხოვრება საქართველოს ნაკრებთან არის დაკავშირებული, თუმცა ცხოვრების ნახევარი კვიპროსში გავატარე და არც ეს ქვეყანაა ჩემთვის უცხო. მოედანზე ერთმანეთის მოწინააღმდეგეები ვიქნებით, მოედნის გარეთ კი რა თქმა უნდა, საქართველო ჩემთვის მნიშვნელოვანი ქვეყანაა. პროფესიონალები ვართ და რთული მომენტები უნდა გადავლახოთ.

ჩვენი პირველი შეხვედრა დაძაბული და კარგი გამოვიდა. ორივე მეტოქეს გოლის გატანა შეეძლო. სამწუხაროდ, მაშინ ზაფხული და დასვენების პერიოდი იწყებოდა, რის გამოც ბევრი ფეხბურთელი გვაკლდა, საქართველოს ნაკრების ძლიერი ინდივიდუალისტების თამაშმა კი მატჩის ბედი გადაწყვიტა. საქართველოს მაშინ ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავდა მოედანზე, რამაც მატჩზე გავლენა იქონია. შოტლანდიამ ჩვენთან 4 ათასი გულშემატკივარი ჩამოიყვანა. ნორვეგიის ნაკრებთან მართალია ქომაგები მოვიდნენ, მაგრამ მათ ერლინგ ჰოლანდის ნახვა აინტერესებდათ", - - თქვა თემურ ქეცბაიამ.

საქართველოსა და კვიპროსის ნაკრებების მატჩი 15 ოქტომბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 17:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები