ტატო გრიგალაშვილი: ,,ქართველები მაგარი ხალხი ამიტომ ვართ!”
7 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ტატო გრიგალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ, მედიასთან ისაუბრა:
,,ძალიან გახარებული ვარ! მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს გულშემატკივარს, ჩემს კოლეგებს, ჩემს პარტნიორებს, ფედერაციას, ექიმებს და, რა ვიცი, ყველას!
ახლა ისეთ ემოციებში ვარ, მხოლოდ მადლობის გადახდა შემიძლია. ყოველთვის კონცენტრირებული ვარ ჩემს ბრძოლაზე, ჩემს მეტოქეზე და ვცდილობ, რომ ის კონკრეტული შეხვედრა გადავლახო გამარჯვებით.
აღვნიშნავ იმას, რომ ისევე როგორც სარდალას გამარჯვების დღეს, დღესაც ყველა ჩართული იყო, არავინ იყო გამოთიშული, ყველა იყო კონცენტრიტებული კონკრეტულ შეჯიბრზე. კიდევ მთავარი ის არის, რომ ჩვენ ქართველებს გვახასიათებს ერთობა, გვიყვარს ერთიანობა. მნიშვნელოვანია, რომ სხვისი წარმატება როცა გიხარია, შენც წარმატებას უფრო მარტივად მიაღწევ. მეც, სარდალასაც, მწვრთნელებსაც და ყველას გუნდში ერთმანეთის წარმატება გვიხარია და ერთმანეთის წარმატებაზე ვზრუნავთ. ამიტომ ვართ ჩვენ ძლიერები და ამიტომ ვართ ჩვენ, ქართველები მაგარი ხალხი.
გარედან რაც ისმის, ხმაც და ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ტატამიზე დგახარ, მით უმეტეს თუ ფიქრობ, რომ ეს შენ გეხმარება. ჩვენ ერთმანეთს რომ ვენდობით, ვიცი, რომ მას ჩემთვის კარგი უნდა, სწორი უნდა და ვეთანხმები ამაში და საბოლოოდ ყველაფერი სწორად გამოდის, ფაქტი სახეზეა. ამიტომ ძალიან მნიშვნელივანია გულშემატკივრის და, ვინც ძიუდო იცის, მისი როლი.
როდესაც პირველად მსოფლიო ჩემპიონი გავხდი, ინტერვიუ მქონდა გამარჯვებასთან დაკავშირებით და მეკითხებოდნენ, როგორ ვიყავი, რას ვგრძნობდი. მაშინ იმდენად დიდი ემოცია გამოხატა გუჯეჯიანმა ჩემი ბრძოლის დროს, უთქვამთ, გუჯეჯიანს უფრო გაუხარდაო. იგივე სიტუაცია იყო ახლაც, დავითი რომ ზემოდან მკარნახობდა, გამარჯვების შემდეგ, რა თქმა უნდა გახარებული ვიყავი, მაგრამ იქით უფრო იგრძნობოდა, ჩემს გულშემატკივარში.
ჩვენ დაგეგმილი გვქონდა, ვიცოდით, როგორ უნდა მეჭიდავა, რა თქმა უნდა, წარბის გახეთქვას ვერ გავთვლიდით, მაგრამ ვიცოდით, როგორ უნდა წაგვემართა ჭიდაობა და შესაბამისად, ვიცოდით რა უნდა გაგვეკეთებინა.
დიდი ბრძოლა და შრომა გვაქვს წინ, დანარჩენს დრო გვიჩვენებს და ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება.” - ტატო გრიგალაშვილი
ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ჩემპიონი ზედიზედ მესამედ გახდა.
ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში რუსი არბუზოვი დაამარცხა.