EJU გრიგალაშვილი-კასეზე: "პარიზში საბოლოოდ გავიგებთ, თუ ვინ არის 81-კგ წონითი კატეგორიის მეფე"
5 თვის წინ
სხვა
1 წთ
პარიზის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე სულ რაღაც 8 დღეა დარჩენილი.
იქამდე, სანამ ოლიმპიური თამაშები აიღებს სტარტს, ევროპის ძიუდოს კავშირი პარიზის ოლიმპიადის სავარაუდო პრიზიორებზე წერს, სადაც მოქმედი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი - ტატო გრიგალაშვილია მოხსენიებული.
გთავაზობთ ევროპის ძიუდოს კავშირის სტატიას, სადაც ტატო გრიგალაშვილსა და მატიას კასეზეა საუბარი.
"ამ ოლიმპიური ციკლის განმავლობაში და კიდევ უფრო ცოტა ხნით ადრე, -81 კგ კატეგორიაში ყურადღება ძალიან ხშირად გამახვილდა დიდებულ შეტაკებაზე, #1 და #2 განთესილთა, მატიას კასესა და ტატო გრიგალაშვილს შორის.
ძალიან დიდია მოლოდინი, თუ ვინ გახდება ოლიმპიური ჩემპიონი 2024 წელს. რა თქმა უნდა, წინასწარ ვერაფერს ვიტყვით, თუმცა ბოლო შეჯიბრებიდან გამომდინარე, ტატო გრიგალაშვილი 81 კგ წონითი კატეგორიის ლიდერია, რადგან იგი ზედიზედ მესამე წელია მსოფლიო ჩემპიონი ხდება, 2024 წელს კი ორივე უდიდესი ტურნირი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატი მოიგო.
კასემ კი ევროპის ჩემპიონატი გამოტოვა, რადგან მისი თქმით ფორმაში არ იყო და გულშემატკივრებს დაჰპირდა, რომ მის საუკეთესო ვერსიას ხალხი პარიზის ოლიმპიადაზე იხილავს. ეს ყველაფერი კი ამ ორი უდიდესი სპორტსმენის დაპირისპირებას ბევრად უფრო სანახაობრივს ხდის.
თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, იაპონელი - ტაკანორი ნაგასე, თურქი - ვედატ ალბაირაქი, მონღოლეთის სახელით მოასპარეზე - საიდ მოლაი, აზერბაიჯანელი - ზელიმ ტკცაევი, ავსტრიელი - ვაჩიდ ბორჩაშვილი, ნიდერლანდელი - ფრენკ დე ვიტი და იტალიელი - ანტონიო ესპოსიტო.
მოკლედ, პარიზში დიდი ბრძოლა გველოდება და საბოლოოდ გაირკვევა, თუ ვინ არის 81 კგ წონითი კატეგორიის მეფე..." - ვკითხულობთ EJU-ს სტატიაში.
შეგახსენებთ, რომ 27 ივლისი - 3 აგვისტოს პერიოდში, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, სტარტს ძიუდო აიღებს, ტატო გრიგალაშვილს კი ტატამზე 30 ივლისს ვიხილავთ.