Belive

"შევეცდები, რომ საუკეთესო ფორმაში მალე შევიდე" - დავით ხოჭოლავა მოედანს დაუბრუნდა

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, დავით ხოჭოლავამ 6-თვიანი პაუზის შემდეგ მოედანზე დაბრუნება შეძლო. ქართველმა ფეხბურთელმა ორი ქირურგიული ჩარევისა და ხანგრძლივი აღდგენითი პერიოდის შემდეგ ამხანაგურ მატჩში ითამაშა, რომელშიც "კოპენჰაგენმა" "მიდტიულანდი" - 3:2 დაამარცხა.

მოედანზე დაბრუნების შემდეგ, 30 წლის ფეხბურთელმა გუნდის ტელევიზიასთან, განვლილი რთული პერიოდის, ამჟამინდელი მდგომარეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ვრცლად ისაუბრა.

"დიდი ხანი გავდიოდი აღდენის პროცესს, ვცდილობდი, რომ მოედანზე მალე დავბრუნებულიყავი და საბოლოო ჯამში, ეს დღეც დადგა.

თავს კარგად ვგრძნობ და განწყობა კარგია, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. გასაგებია, რომ გუნდში საუკეთესო ფიზიკურ კონდიციებში მყოფი ფეხბურთელი არ ვარ, მაგრამ კარგი მომენტები წინ არის და შევეცდები, რომ სასურველ ფორმაში რაც შეიძლება მალე დავბრუნდე.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ნორმალურად არც მძინებია, 5-6 საათზე ვდგებოდი რათა სავარჯიშოდ მოვსულიყავი და მოედანზე დაბრუნებას მოუთმენლად ველოდი.

რა თქმა უნდა, არ ვფიქრობ, რომ საუკეთესოდ ვითამაშე, მაგრამ, როგორც ჩემთვის, ისე მთლიანად გუნდისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება არის ის, რომ მე ისევ ვთამაშობ. კარგია, რომ ისევ დავრბივარ - რა თქმა უნდა, ჩემი ფიზიკური ფორმა საუკეთესო არ არის, მაგრამ ამის აღდგენას ალბათ ორი კვირა სჭირდება.

თავს გასაოცრად ვგრძნობ. მიხარია, რომ დავბრუნდი და ახლა უკვე "პარკენზე" ჩემს რამდენადაც შესაძლებელია სწრაფ დაბრუნებას მოუთმენლად ველოდები.

ეს 6 თვე, რომლის განმავლობაშიც არ ვთამაშობდი, გარდამავალი გამოვიდა. იყო პერიოდები და კვირები, როცა ყველაფერს იოლად ვუმკლავდებოდი, მაგრამ იყო ისეთი დროც, როცა ყველაფერი საშინლად მეჩვენებოდა. რა თქმა უნდა, ეს რთული იყო, მაგრამ დაბრუნებისკენ ვიყავი ფოკუსირებული და სამედიცინო და ფიზმომზადების გუნდის შესანიშნავი საქმიანობის მეშვეობით, მე დავბრუნდი.

ჩემი მიზანია, რომ უფრო და უფრო მეტი სათამაშო დრო მივიღო და ვარჯიშებზე თავი უკეთესად წარმოვაჩინო. მთავარია, რომ ვითამაშო, ეს ის ერთადერთი საკითხია, რომელზეც ახლა ვფიქრობ", - თქვა დავით ხოჭოლავამ.

"კოპენჰაგენს" დანიის ჩემპიონატში 11 ტურის შემდეგ 23 ქულა აქვს დაგროვებული და მეორე პოზიციას იკავებს, ლიდერ და პრინციპულ მეტოქე "ბრონდბიუსთან" ჩამორჩენა კი 1 ქულაა. შემდეგ შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 21 ოქტომბერს, "ველიეს" წინააღმდეგ, საშინაო კედლებში გამართავს.

სხვა სტატიები