Belive

"შეთანხმება მიღწეულია და მალე გაოფიციალურდება" - იტალიური მედია კვარაცხელიას კონტრაქტის შესახებ წერს

9 თვის წინ ქართული სპორტი
2 წთ

იტალიური მედია საქართველოს ნაკრების და "ნაპოლის" ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას მიერ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ საუბრობს.

როგორც ნეაპოლური Areanapoli calciomercato-ზე დაყრდნობით წერს, 22 წლის ფეხბურთელის მენეჯერი, მამუკა ჯუღელი დიმაროში მიმდინარე წინასასეზონო შეკრებაზე იმყოფება, სადაც სამხრეთული კლუბის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს ხვდება. ირკვევა, რომ მათ "ნაპოლისა" და "სპალს" შორის გამართულ მატჩს ერთად უყურეს და კონტრაქტის შესახებ ისაუბრეს. ნეაპოლური მედია ვარაუდობს, რომ მხარეებს შორის შეთანხმება თითქმის მიღწეულია და კონტრაქტის განახლებას მხოლოდ გაოფიციალურება აკლია.

"2022/23 წლების სეზონის ყველაზე დიდი სიურპრიზი მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიას სახელს ატარებს. ქართველმა ტალანტმა უმალვე დაიპყრო სერია A გოლებით, საგოლე პასებით და ლიგის საუკეთესო მოთამაშის ტიტულის მოპოვებით. "ნაპოლი" ტკბება ამით და იმით, თუ როგორ იპოვა ის სულ რაღაც 10 მილიონად, დღეს კი მისი ღირებულება საგრძნობლად გაიზარდა. შეფასება 100 მილიონზე მეტია, მაგრამ დე ლაურენტისი არ უსმენს შეთავაზებებს 77-ე ნომრისთვის, ის არ არის სატრანსფერო ბაზარზე.

ვიქტორ ოსიმენის, პიოტრ ზიელისნკის, მატეო პოლიტანოს და ჯოვანი დი ლორენცოს აგენტებთან შეხვედრების შემდეგ, აურელიო დე ლაურენტისისთვის დიმაროში კიდევ ერთი შეხვედრა შედგა. "ნაპოლი" - "სპალის" ამხანაგურ მატჩს ხვიჩა კვარაცხელიას მენეჯერი, მამუკა ჯუღელიც დაესწრო, რომელთანაც კონტრაქტის გახანგრძლივებაზე საუბარი შედგა. ახალ კონტრაქტზე, რომელიც 2028 წლამდე იქნება ძალაში და რომელიც ფეხბურთელს გაორმაგებულ ანაზღაურებას სთავაზობს, შეთანხმება მიღწეულია და გაოფიციალურების დრო დგება", - წერს calciomercato.com-ი.

ხვიჩა კვარაცხელიასთვის 2022/23 წლების სადებიუტო სეზონი ფანტასტიკური გამოვიდა. 22 წლის ქართველმა ვარსკვლავმა “ნაპოლის” შემადგენლობაში ჩატარებულ 43 მატჩში 14 გოლის გატანა, 14 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა, 5 პენალტის მოპოვება შეძლო, გუნდს 33-წლიანი პაუზის შემდეგ ისტორიაში მესამე სკუდეტოს მოგებაში დაეხმარა, სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და სეზონის საუკეთესო გოლის ავტორი გახდა.

სხვა სტატიები