სეზონში მესამედ: ბუდუ ზივზივაძე მეორე ბუნდესლიგის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
საქართველოს ნაკრებისა და "კარლსრუეს" თავდამსხმელი, ბუდუ ზივზივაძე, გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
აღნიშნული მიღწევა 30 წლის ქართველი ფორვარდისთვის ამ სეზონში მესამეა: ერთ-ერთმა ყველაზე პრესტიჟულმა გერმანულმა საფეხბურთო მედია საშუალება Kicker-მა აქამდე ბუდუს სიმბოლურ თერთმეტეულში ადგილი უკვე ორჯერ მოუძებნა.
გასული სათამაშო კვირა ქართველისთვის "კარლსრუესთან" ერთად წარმატებული გამოდგა, მან "ფიურტთან" მოგებულ (3:2) მატჩში, ანგარიშის გახსნა და საგოლე პასის გაკეთება მოახერხა, მისმა გუნდმა კი სატურნირო ცხრილში პოზიციები უფრო მეტად გაიმყარა.
23 ქულით "კარლსრუე" ჩემპიონატში მეორე პოზიციას იკავებს და ლიდერ "პადერბორნს" მინიმალური სხვაობით ჩამორჩება. რაც შეეხება უშუალოდ ბუდუს, მას 9 გოლი აქვს გატანილი და 3 საგოლე პასი გაკეთებული. ის ჩემპიონატის საუკეთესო თანაბომბარდირია.