"საუკეთესო საახალწლო მოგონება თბილისს უკავშირდება" - სანდრო მამუკელაშვილი
1 კვირის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
სანდრო მამუკელაშვილი ტორონტო რეპტორსის რიგებში შესანიშნავ სეზონს ატარებს - კანადური ფრენჩაიზის ქართველი ლეგიონერი მიღებულ შანსს კარგად იყენებს და პარკეტზე საკუთარი მარგი ქმედების კოეფიციენტს ყოველ მატჩში აუმჯობესებს.
შეიძლება ითქვას, რომ მამუმ საკუთარი გუნდი და საკუთარი თამაში იპოვა - წინასაახალწლოდ კი belive-ს გვესაუბრა და ამ ჯადოსნურ დღესთან დაკავშირებით განსაკუთრებული მოგონებები გაგვიზიარა.
ჩემი საუკეთესო საახალწლო მოგონება თბილისს უკავშირდება. განსაკუთრებით ალბათ ბოლო ახალი წელი მახსოვს, რომელსაც თბილისში შევხვდი. დიდი ხანია ამ დღესასწაულს საქართველოში არ შევხვედრილვარ, ბოლოს ალბათ 10 წლის წინ ვიყავი. ძალიან მაგარი იყო, რადგან ჯერ ოჯახთან ერთად შევხვდი, შემდეგ ჩემი მეგობრები ვნახე და კარგად დამამახსოვრდა.
განსაკუთრებული სააახალწლო ტრადიცია არ გვაქვს - ალბათ, ისე, როგორც ყველა ოჯახში ჩვენთანაც მეკვლე მოდის და ვცდილობთ, რომ ერთად კარგი დრო გავატაროთ. ტკბილეულს რაც შეეხება ვიტყოდი, რომ გოზინაყი, რადგან ძალიან მიყვარს და სულ ვთხოვ დედაჩემს რომ ჩამომიტანოს.
რამდენიმე საახალწლო ფილმს გამოვარჩევ. ალბათ საშობაო ზღაპარი და გრინჩი. მარტო სახლშიც, მაგრამ ის ორი უფრო გამორჩეულად.
საქართველოში გატარებული ახალი წელი ჩემთვის დაუვიწყარია, რადგან განწყობა, ფეიერვერკები ხალხის ერთად შეკრება, ეს განსაკუთრებულია. ამ დღეს საქართველოში ყველა მხიარულობს. აქ ცოტა სხვანაირადაა, შობას უფრო აღნიშნავენ, ვიდრე ახალ წელს. იმასაც გააჩნია, რომელ შტატში ხარ - ნიუ იორკში სადაც უფრო ბევრი ტურისტი არის განსაკუთრებული საახალწლო განწყობაა. კანადაში პირველად ვხვდები ახალ წელს და ძალიან მაინტერესებს როგორი იქნება. ძალიან მიხარია, რომ ჩემი ოჯახი და მეგობარი იქნება ჩემთან ერთად.
- სანდრო მამუკელაშვილი.
სანდრო მამუკელაშვილი და ტორონტო რეპტორსი 30 დეკემბერს, გოგა ბითაძის ორლანდოს დაუპირისპირდებიან. ხოლო ახალი წლის ღამეს, 04:30 საათზე ტორონტო დენვერის დამარცხებას შეეცდება.
ვულოცავთ სანდროს ახალ წელს - 2026-ში კი წარმატებებს ვუსურვებთ კარიერასა და პირად ცხოვრებაში.