Belive

სარეკორდო გოლები - 2023 წელი საქართველოს ნაკრებისთვის ისტორიული გამოდგა

5 თვის წინ ქართული სპორტი
2 წთ

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა 2023 წელს გამოსვლა დაასრულა. მიმდინარე წლის ბოლო მატჩი ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთთან სტუმრად, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის შეხვედრის ეგიდით ჩაატარა და - 1:3 დამარცხდა.

წლის დამაგვირგვინებელი გოლები ეროვნულ გუნდში ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, რომელმაც ჯერ შოტლანდიასთან შეასრულა დუბლი (2:2), შემდეგ კი ანგარიში ესპანეთთან გაათანაბრა.

"ნაპოლის" 22 წლის ვარსკვლავმა 2023 წელს ეროვნულ გუნდში 5 გოლი გაიტანა, საერთო ჯამში 15 დააგროვა და ალექსანდრე იაშვილს წამოეწია, რომელიც ყველა დროის ბომბარდირთა დავაში მესამე პოზიციას იკავებს.

გარდა კვარას ინდივიდუალური სტატისტიკისა, რომელსაც შოთა არველაძის რეკორდამდე უკვე 11 გოლი აშორებს, წლევანდელი წელი გუნდურად ისტორიულიც გამოდგა. კერძოდ, საქართველოს ნაკრებმა 2023 წელს 26 გოლი გაიტანა, რაც ერთპიროვნული რეკორდია - ასეთი შედეგი ჩვენს გუნდს არასდროს დაუფიქსირებია.

აქამდე საქართველოს ნაკრებისთვის სარეკორდო 2018 წელი იყო, როცა ერთა ლიგის D დივიზიონის ჯგუფურ ეტაპზე ტრიუმფი სტატისტიკურ შედეგებშიც აისახა და იმ დროს ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილმა გუნდმა - კალენდარულ წელიწადში მეტოქის კარში ბურთი 19-ჯერ შეაგდო.

საქართველოს ნაკრებმა თავისი არსებობის 33-ე კალენდარული წელიწადი დაასრულა, რომლიდან 15-შიც 10 გოლს გადასცდა, ყველაზე მეტი გოლი ჩვენმა ნაკრებმა შემდეგ ხუთ წელიწადს გაიტანა.

  1. 2023 - 26

  2. 2018 - 19

  3. 2017 - 18

  4. 2022 - 17

  5. 2001/2005 - 15

რაც შეეხება წლის საუკეთესო ბომბარდირს, ეროვნული გუნდის შემადგენლობაში 2023 წელს ყველაზე მეტი გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა, რომელმაც ტაილანდის ნაკრებთან ისტორიაში პირველად პოკერი შეასრულა, თითო-თითო გოლი კი ნორვეგიისა და კვიპროსის ნაკრებებს გაუტანა.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს შემდეგი მატჩი 2024 წლის გაზაფხულზე, 21 მარტს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო პლეი-ოფის ეგიდით, საშინაო კედლებში ელოდება, მეტოქე კი უახლოეს პერიოდში გაირკვევა.

სხვა სტატიები