Belive

Corriere dello Sport: "კვარაცხელია და ნაპოლი მოლაპარაკებას სატრანსფერო ფანჯრის შემდეგ განაახლებენ"

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

Corriere dello Sport საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც საუბარი კონტრაქტს შეეხება. პოპულარული იტალიური მედია საშუალების ინფორმაციით, მხარეები კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ამოწურვის და შემოდგომის დაწყებისას განაახლებენ.

"ხვიჩა კვარაცხელიას წარმომადგენლებისა და "ნაპოლის" მომდევნო შეხვედრა სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს ან სექტემბრის საწყის დღეებში შედგება.

საქართველოს ნაკრებთან ერთად, ევროპის ჩემპიონატზე დაგროვებული კოლოსალური გამოცდილება კვარას მომავალს კიდევ უფრო მეტად საინტერესოდ განსაზღვრავს.

ზუსტად გერმანიაში გამართული ტურნირის დროს დაიწყეს მხარეებმა მოლაპარაკება კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, მაგრამ აურელიო დე ლაურენტისსა და ჯოვანი მანას ფინიშის ხაზთან ჯერ არ მიუღწევიათ. მოლაპარაკების შემდეგი ეტაპი სექტემბერში იქნება.

"ნაპოლი" ფეხბურთელს 2027 წლამდე არსებული კონტრაქტის 2029 წლამდე გახანგრძლივებას სთავაზობს. ახალი პირობების მიხედვით ქართველი ფეხბურთელის ანაზღაურება ყოველწლიურ 5 მილიონ ევრომდე გაიზრდება, ბონუსების გათვალისწინებით კი 7 მილიონს გადააჭარბებს. ვნახოთ, მოლაპარაკება მალე გაგრძელდება", - წერს Corriere dello Sport.

ხვიჩა კვარაცხელიამ წინასასეზონო მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში, "ნაპოლის" სამ ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ალბანურ "ეგნატიასთან" გოლის გატანა მოახერხა. მნიშვნელოვანია, რომ იტალიური მედიის პროგნოზით, ანტონიო კონტეს მიერ ჩამოსაყალიბებელი ახალი გუნდი სწორედ 23 წლის ქართველი ფეხბურთელის გარშემო უნდა აიწყოს. "ნაპოლი" მომდევნო მატჩს 10 აგვისტოს, "მოდენასთან" იტალიის თასის 1/32-ფინალში გამართავს, ხოლო იტალიის სერია A-ს "ვერონასთან" 18 რიცხვში სტუმრად გასამართი შეხვედრით დაიწყებს.

სხვა სტატიები