"საქართველოში თამაში მარტივი არ იქნება" - უნგრელი ფეხბურთელები თბილისურ მატჩამდე საუბრობენ
საქართველოს ნაკრების მეტოქე გუნდის, უნგრეთის ეროვნული გუნდის ფეხბურთელები თბილისში გასამართ მატჩამდე მათი სამზადისისა და მოლოდინების შესახებ საუბრობენ.
"დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ მარკო როსი მენდობა. ჩემი თავი კარგად განვავითარე და მწვრთნელიც ხედავს, რომ გუნდში ადგილი მეკუთვნის, ამ მაისურს კი დიდი სიამაყით ვატარებ. აქ ყველა ორთაბრძოლა უნდა მოიგო, რომ მეტოქეს აჯობო.
ძალიან დაძაბულ მატჩებს ველი. საქართველოსთან შეხვედრა იმით იქნება განსხვავებული, რომ ზურგს უკან 60 000 გულშემატკივარი არ გვეყოლება, მიუხედავად ამისა, ვიმუშავებთ და მოვემზადებით, რადგან პირველ ადგილზე გასვლა გვსურს", - ამბობს ბუდაპეშტის MTK-სა და უნგრეთის ნაკრების 22 წლის ფორვარდი, გაბრო იურეკი.
მოახლოებული შეხვედრის შესახებ უნგრული ზალაეგერშეგის 28 წლის მეკარე, კორნელ შიხიც საუბრობს, რომელიც ამბობს, რომ, თბილისში თამაში მარტივი არ იქნება: "ბენცს მომავალში ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ, მაგრამ საბედნიეროდ, ისე მოხდა, რომ ნაკრებში შანსი მე მივიღე. ბოლომდე დავიხარჯები, როგორც აქამდე ვაკეთებდი. საქართველოში ადვილი არ იქნება, მაგრამ წარსულშიც გვიჩვენებია, რომ რთულ სიტუაციებშიც შეგვიძლია კარგი შედეგების მიღწევა. ჩრდილოეთ ირლანდიასთანაც მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს და კარგი იქნება, ორივე შეხვედრაში გამარჯვებას მივაღწიოთ".
საქართველოს ნაკრები ნოემბერში ორ შეხვდრას გამართავს: 14 რიცხვში უნგრეთთან საშინაო კედლებში, 17-ში კი სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში უკრაინასთან.