Belive

საქართველოს ნაკრების ურთიერთშეხვედრების ისტორია ნორვეგიის წინააღმდეგ

7 თვის წინ ქართული სპორტი
2 წთ

საქართველოს ნაკრები ესპანეთის ეროვნულ გუნდთან დიდი ანგარიშით - 1:7 მარცხის შემდეგ, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე მოხვედრისთვის ბრძოლას მეხუთე მატჩში, ნორვეგიის ნაკრებთან შეხვედრით გააგრძელებს, რომელსაც სტუმრად, ოსლოში, "ულევაალ სტადიონზე" გამართავს.

საინტერესოა, რომ საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებების გზები ისტორიაში სულ ოთხჯერ გადაიკვეთა და აქედან სამი შეხვედრა ჩვენი მეტოქის გამარჯვებით დასრულდა, უახლოეს წარსულში კი ფრე დაფიქსირდა.

პირველად ეს 1996 წელს მოხდა, როცა ოსლოში, "ულევაალ სტადიონზე" გამართულ საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში მასპინძლებმა ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის, სტალე სოლბაკენის მიერ გატანილი ერთადერთი ბურთის მეშვეობით - 1:0 იმარჯვეს. მაშინ საქართველოს ნაკრებს ალექსანდრე ჩივაძე ხელმძღვანელობდა, მატჩს კი 8 910 გულშემატკივარი ესწრებოდა.

1999 წელს, საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებები ერთმანეთს კიდევ ორჯერ, ამჯერად უკვე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაუპირისპირდნენ. პირველი შეხვედრა თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გაიმართა, რომელსაც 15 000 მაყურებელი დაესწრო და მეტოქემ სამბურთიანი სხვაობით - 4:1 იმარჯვა. ვლადიმერ გუცაევის გაწვრთნილი გუნდის მხრიდან ერთადერთი გოლის გატანა ზაზა ჯანაშიამ მოახერხა.

საპასუხო მატჩი კვალავაც ოსლოში, "ულევაალ სტადიონზე" შედგა და მასპინძლებმა სტეფენ ივერსენის ერთადერთი გოლის მეშვეობით 18 236 მაყურებლის წინაშე - 1:0 იმარჯვეს და საბოლოო ჯამში ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა შეძლეს.

გუნდების უახლოესი მატჩი 2023 წლის 28 მარტს, მიმდინარე შესარჩევი ციკლის პირველი ტურის ეგიდით გაიმართა და ის ბათუმში შედგა. შეხვედრას 20 300 გულშემატკივარი დაესწრო, რომელმაც ფრე - 1:1 იხილა. პირველი ტაიმი სტუმრებმა, ალექსანდერ სორლოტის მიერ გატანილი გოლის მეშვეობით მოიგეს, მეორე ნახევარში კი გიორგი მიქაუტაძემ წონასწორობა აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებების მატჩი 11 სექტემბერს გაიმართება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები