თამაზ პერტია: "ახლა ყველა მარტის მატჩებზე ვფიქრობთ - აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ"
თამაზ პერტია ქართული ფეხბურთის გამოცდილი გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობი ფიგურაა. ის ჯერ ფეხბურთელის რანგში 1997-2008 წლებში სხვადასხვა ლატვიურ გუნდში თამაშობდა, 2007 წლიდან კი მწვრთნელია და რამდენიმე გუნდში მუშაობაც მოასწრო.
"დინაბურგში", "დაუგავპილსში", რიგის "სკონტოსა" და "ოლიმპია რიგაში" მუშაობის შემდეგ მან "ლიეპაია" ჩაიბარა და სამწვრთნელო კარიერაში პირველი დიდი ტიტული, ლატვიის თასი მოიგო. მოგვიანებით იყო "ვალმიერა" და 2022 წლის იანვარში "ლიეპაიაში" დაბრუნება.
49 წლის ქართველმა სპეციალისტმა 2023 წლის სეზონი ლატვიის ჩემპიონატში მეოთხე ადგილის დაკავებით ჩაამთავრა და თან არაერთი ქართველი ფეხბურთელიც დაიხმარა. სეზონის დასრულების, ახალი წლის დადგომისა და როგორც ინდივიდუალურად მისთვის, ისე მთლიანად ქართული ფეხბურთის ახალი გამოწვევების შესახებ თამაზ პერტიამ ჩვენთან ინტერვიუში ისაუბრა.
როგორი გამოვიდა 2023 წელი და სეზონი როგორც თქვენთვის, ისე მთლიანად გუნდისთვის?
შესაძლებელი იყო, რომ სეზონი უფრო უკეთესად დაგვესრულებინა, მაგრამ ასე არ გამოვიდა. თუმცა, რა შედეგიც მივიღეთ, უნდა შევეგუოთ და ახალი, უკეთესი სეზონისთვის მოვემზადოთ.
გარკვეულწილად, ევროტურნირებზე ვერ მოხვედრამ, გუნდის ხელმძღვანელობას და პრეზიდენტს შემადგენლობის უფრო ძლიერად დაკომპლექტების დამატებითი მოტივაცია მისცა.
2 ქულა დაგვაკლდა და ჩვენი ევროსარბიელზე მოხვედრის საქმე ამან გადაწყვიტა. ეს ყველასთვის გამოსაფხიზლებელი იქნება, როგორც ფეხბურთელებისთვის, ისე სამწვრთნელო გუნდისა და ხელმძღვანელობისთვის.
ტრადიციულად, გასულ წელსაც რამდენიმე ქართველი ფეხბურთელი თქვენს განკარგულებაში იმყოფებოდა. რამდენად კმაყოფილი ხართ მათი ნაჩვენები შედეგებით?
რაც შეეხება უშუალოდ ქართველ ფეხბურთელებს, ვერ გეტყვით, რომ ყველას მიერ ნაჩვენები შედეგებით მაინც და მაინც კმაყოფილი ვარ. განსაკუთრებულად კმაყოფილი გიორგი კუციას თამაშით ვარ, რომელმაც მშვენიერი სეზონი ჩაატარა და კაპიტნობაც დაიმსახურა. ვფიქრობ, მასთან თანამშრომლობას ისევ გავაგრძელებთ.
არცერთ ქართველ ფეხბურთელთან შეკითხვა არ მაქვს, ვხედავ მათ პროფესიონალიზმს და კარგ პიროვნებას, თუმცა, როდესაც უცხოეთში მიდიხარ და თან თანამემამულე მწვრთნელი გყავს, უფრო მეტი უნდა გააკეთო. ამ მხრივ, მათგან უფრო მეტის მოლოდინი მქონდა, თუმცა მთლიანობაში, დაკისრებულ მოვალეობას თავი ნორმალურად გაართვეს. მათ კონტრაქტი გუნდთან უკვე დაუმთავრდათ და სავარაუდოდ, ხელშეკრულებას აღარ გავახანგრძლივებთ.
ვიცით, რომ აქტიურად თანამშრომლობთ "გარეჯთან" და გაქვთ კომუნიკაცია სხვა გუნდებთანაც. სამომავლოდ, გიორგი კუციას გარდა, სხვა ქართველი ფეხბურთელის დამატებასაც ხომ არ გეგმავთ?
17 წელიწადზე მეტია, რაც მწვრთნელი ვარ და ამ დროის განმავლობაში, ყველა გუნდში, რომელშიც მიმუშავია, ქართველი ფეხბურთელი ყოველთვის მყავდა. შესაბამისად, ახლაც არის ინტერესი რამდენიმე ქართველი ფეხბურთელის მისამართით. ახლო ურთიერთობა და თანამშრომლობა გვაქვს "გარეჯთან" და სხვა ქართულ გუნდებთან.
მთავარი არის ის, რომ არც მე მქონდეს შეკითხვა ფეხბურთელებთან და არც ჩემი მისამართით იყოს შეკითხვა ამ ფეხბურთელების მისამართით.
ამ ეტაპზეც ვმუშაობთ და სავარაუდოდ, გიორგი კუციასთან ერთად კიდევ ორი ქართველი ფეხბურთელი დაგვემატება.
ზოგადად გასულ წლებში ქართველი ფეხბურთელებისთვის ევროპაში მოხვედრა შედარებით უფრო მარტივი გახდა. თქვენი გადმოსახედიდან, რა არის ამის მიზეზი?
1990-იანი წლებიდან მოყოლებული ქართველი ფეხბურთელები ქვეყნის ფარგლებს მიღმა ყოველთვის გადიოდნენ, მაგრამ ამხელა ინტერესი თითქმის არასდროს ყოფილა და ეს ხვიჩა კვარაცხელიას დამსახურებაა და ამაზე ორი აზრი არ არსებობს.
ამავე დროს, საქართველოს ნაკრებს საკმაოდ კარგი პერიოდი უდგას და გასულ შესარჩევ ეტაპებში თავი ნორმალურად წარმოაჩინა. ფეხბურთელები თავის შესაძლებლობებს ეროვნულ ნაკრებში მაღალ დონეზე ავლენენ და არ არის გამორიცხული, რომ იმ მოთამაშეების რაოდენობა, რომელიც ქვეყნის ფარგლებს მიღმა არიან, კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.
ცხადია, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ფეხბურთელმა საქართველო არ დატოვოს და ჩემპიონატში ისეთი პირობები იყოს, რომ ეროვნულმა ლიგამ თავისი დონე შეინარჩუნოს. როცა ეროვნული ლიგიდან ფეხბურთელები უცხოეთში მიდიან, უმაღლეს ლიგაში ახალგაზრდა ფეხბურთელები ამოდიან, რომლებიც აქამდე ქვედა ლიგაში თამაშობდნენ. კონვეიერის ასეთ სტილში მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია.
თუმცა, ფაქტი ერთია, რომ დღეს ევროპის გზა ქართველი ფეხბურთელებისთვის გახსნილია და ეს ძალიან მომწონს, რადგან ეროვნულ ნაკრებს ფიზიკურად და მენტალურად გაცილებით უკეთ მომზადებული მოთამაშეები უბრუნდებიან.
საქართველოს ჩემპიონატი ახსენეთ. როგორია დონეებს შორის სხვაობა საქართველოსა და ლატვიის ჩემპიონატებს შორის და რა მხრივ უნდა იმუშაონ ქართულმა გუნდებმა, რომ ეროვნულმა ლიგამ პროგრესი შეძლოს?
მენტალობა ყველაზე მნიშვნელოვანია. არცერთი ფეხბურთელი დაცვაში თამაშს, ბურთის ართმევას არ უნდა თაკილობდეს. მათი მთავარი ამოცანა გუნდური თამაში უნდა იყოს, რაც თანამედროვე ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანია. დღესდღეობით, შესაძლებელია, მხოლოდ ლიონელ მესის და 1-2 ფეხბურთელს ეპატიებოდეს რაიმე, დანარჩენი, ყველა ფეხბურთელმა უნდა გაიაზროს, რომ ყველა ერთად ვიცავთ თავს და ყველა ერთად ვუტევთ. გუნდური ფილოსოფია და სულისკვეთება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ასეთი ბალანსის შენარჩუნების შემთხვევაში შედეგი აუცილებლად გვექნება.
ლატვიის ჩემპიონატი ევროპის უმაღლეს დონეს ნამდვილად არ წარმოადგენს, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ის საქართველოს ეროვნულ ლიგაზე მაღლა დგას. ამის მიზეზი, პირველ რიგში ის გახლავთ, რომ გუნდებს შემადგენლობის 80% ხარისხიანი ლეგიონერებით ჰყავთ დაკომპლექტებული. აქ რომ ლეგიონერების ლიმიტი მოხსნილი არ იყოს, ჩარჩოებსა და შეზღუდვებში რომ იყოს ჩემპიონატი მოქცეული, ბევრი პრობლემა იქნებოდა.
გუნდების უმეტესობას ძირითად შემადგენლობაში მეკარის და მოედნის ორი მოთამაშის გარდა ლეგიონერი ჰყავს და დანარჩენი ყველა ფეხბურთელი ლეგიონერია და ამას შედეგებიც მოაქვს. წინა წელს კონფერენს ლიგის ჯგუფში "რიგა" გავიდა, წელს ამასთან ახლოს "ვალმიერაც" იყო.
არადა, ამის შანსი "დინამო თბილისს" და "დინამო ბათუმსაც" აქვთ. მათი შემადგენლობა ამის შესაძლებლობას იძლევა, თუმცა მენტალური მიმართულებით მათ ბევრი აქვთ სამუშაო. ნებისმიერმა ქართველმა ფეხბურთელმა უნდა იცოდეს, რომ მოედანზე გასვლის მომენტიდან ის გუნდს წარმოადგენს და არამხოლოდ საკუთარ თავს.
თქვენი სამომავლო კარიერის შესახებაც მაინტერესებს. არსებობდა ვარიანტი, რომ კარიერა პოლონეთში, კერძოდ კი ამ ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან და დიდ გუნდში, კრაკოვის "ვისლაში" გაგეგრძელებინათ, რატომ არ შედგა ეს ტრანსფერი და რა გეგმები გაქვთ 2024 წლიდან?
დიახ, მქონდა შემოთავაზება კრაკოვის "ვისლადან". მოლაპარაკების პროცესი წარმატებულად მიმდინარეობდა, თითქმის ყველაფერი გადაწყვეტილი იყო და კონტრაქტზეც ხელი მოწერილი მქონდა. დუბაიში, ხელმძღვანელობასაც შევხვდი, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამ ამის შესაძლებლობა არ მომცა. მფლობელები უკრაინელები იყვნენ და შედეგად, ეს ამბავი არ გამოვიდა.
ამჟამად, "ლიეპაიას" მწვრთნელი ვარ. ჩემი ვალდებულებები და პასუხისმგებლობები მაქვს, რომლების მიტოვებაც არ მჩვევია და მინდა, რომ ახლაც, დაწყებული საქმე წარმატებულად დავასრულო. პრეზიდენტი ძალიან მოწადინებული ადამიანია და მიმაჩნია, რომ ამ ძალიან დიდი ისტორიის მქონე გუნდთან ერთად კიდევ რამდენიმე წელიწადს გავატარებ. მიმაჩნია, რომ ადამიანი, როცა რაიმეს ხელს მოკიდებ, ბოლომდე უნდა შეეცადო, რომ წარმატებულად გაართვა თავი, ამიტომაც ჩემი მიზანი ამ გუნდში დარჩენა და უმაღლესი მიზნების მიღწევა იქნება.
2024 წელი დადგა და ეს შესაძლოა ისტორიაში ყველაზე წარმატებული წელიწადი გამოდგეს ქართული ფეხბურთისთვის. როგორია თქვენი მოლოდინი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის?
ახლა, არამხოლოდ ქართული საფეხბურთო ოჯახისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი დადგა. მთელი ქვეყანა უნდა გაერთიანდეს და ყველა ადამიანმა თავისი წილი პასუხისმგებლობა იგრძნოს იმ მიმართულებით, რომ რითიც შეგვიძლია დავეხმაროთ ნაკრებს, იმაში, რომ ამ სანუკვარ ოცნებასა და მიზანს მივაღწიოთ.
ეს ორი მატჩი აუცილებლად უნდა მოვიგოთ. ვფიქრობ, მწვრთნელებმა ძალიან კარგად იციან, რა და როგორ უნდა ესაუბრნონ ფეხბურთელებს.
მთავარი გამოწვევა არის ის, რომ ნაკრებში გამოძახებული ყველა ფეხბურთელი თავის საუკეთესო ფორმაში იყოს.
მჯერა, რომ გულშემატკივარი სტადიონს გაავსებს, ფეხბურთის ფედერაცია და მთლიანად, მთელი საქართველო კი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამ ორი მატჩის მოგება და ვეროპის ჩემპიონატზე გასვლა მოვახერხეოთ.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელებმა იგრძნონ თავდაჯერებულობა. მე მჯერა, რომ თითოეულ მათგანს პასუხისმგებლობა მაქსიმალურად აქვს გააზრებული, თუმცა იმისათვის, რომ საკუთარი თავის რწმენა იგრძნონ მოედანზე, აუცილებელია, რომ თავის გუნდებში მყარი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეთ.
ნებისმიერი ადამიანი, ყველას რითიც შეუძლია ჩართული იქნება, გაამხნევებს გუნდს და ყველა ადამიანის ფიქრი და ლოცვა ამ ორი მატჩისკენ იქნება მიმართული.
მიუხედავად იმისა, რომ სანაკრებო პაუზა იქნება, მე გუნდის მომზადების პერიოდი მექნება და არ მგონია, რომ თავისუფალი დრო გამომიჩნდეს, მაგრამ თუ ასე მოხდება, აუცილებლად ჩამოვალ საქართველოში. ნებისმიერი ქართველის ვალია, რომ ამ მატჩებზე სტადიონზე იყოს და დაეხმაროს გუნდს წარმატების მიღწევაში. არცერთი ადგილი ტრიბუნაზე ცარიელი არ უნდა დარჩეს.