გურამ კაშია: "კვარა საქართველოს ნაკრებს ღირსეულად უკაპიტნებს"
7 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია რუმინეთთან გასამართი ამხანაგური მატჩის წინ საუბრობს.
"ივნისის დასრულებამდე ბრატისლავის სლოვანთან კონტრაქტი მაკავშირებს, გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებ. ის რაც დანამდვილებით ვიცი, ფეხბურთში და სპორტში ვიქნები. არ ვიცი, გავაგრძელებ თუ არა საკლუბო დონეზე ფეხბურთის თამაშს, მაგრამ ფეხბურთში აუცილებლად დავრჩები.
ბიჭები ფინალის შემდეგ კვარას ვესაუბრეთ და გამარჯვება მივულოცეთ. ზოგჯერ, ასეთი ვარსკვლავური იმიჯის მქონე ფეხბურთელები განსხვავებული ხასიათით გამოირჩევიან და კვარა მათგან რადიკალურად საპირისპიროა. საფეხბურთო თვისებებზე საუბარი ჩემი მხრიდან ზედმეტია, ამას მეტყველებს ის, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ყველამ, მთელმა ქვეყანამ უნდა ვიამაყოთ, რომ ასეთი ფეხბურთელი გვყავს. მატჩის შემდეგ მივწერე: "როცა მომენტი გექნება, უბრალოდ დაფიქრდი, რამდენს მიაღწიე". ფეხბურთი იმ მიმართულებით მიდის, როგორც არ მომწონს, მაგრამ კვარა მსოფლიო ფეხბურთში ამ ყველაფერში განსხვავების შემქმნელია. მე, როგორც ფეხბურთის გულშემატკივარი კვარას ქომაგი ვარ. მის პიროვნულ თვისებებზე კი შემიძლია ვთქვა ის, რომ ლიდერია, პროფესიოინალია და საქართველოს ნაკრებს ღირსეულად უკაპიტნებს.
ვთვლი, რომ იღბლიანი კარიერა მქონდა, ბევრ რამეს მივაღწიე და ბედნიერი ვარ ჩემი კარიერით. მინდა, რომ გავიმარჯვოთ და სანაკრებო კარიერა კარგ ნოტზე დავასრულო.
როცა ამ გუნდის წევრი გავხდი, მას შემდეგ რთული პერიოდები გავიარეთ, საქართველოს ნაკრებს წარმოუდგენელი პროგრესი აქვს. განსაკუთრებული წარმატება და ევროპის ჩემპიონატზე თამაშიც გამოვცადეთ. ახლა, როცა ნაკრებიდან მივდივარ, მჯერა, რომ ფედერაციის ორგანიზებული მუშაობით, ახალი ძალიან ნიჭერი თაობით, საქართველოს ნაკრებს მწვერვალზე ასვლა და ევროპის ჩემპიონატზე დაბრუნება კვლავ შეუძლია", - ამბობს გურამ კაშია.
საქართველოს ნაკრები რუმინეთს 2 ივნისს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უნდა შეხვდეს. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. ამ მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრების რეკორდსმენი სანაკრებო კარიერას დაასრულებს.