გიორგი მამარდაშილი: "ქომაგებთან გადასვლა მადლობის ჟესტია: ჩვენ ერთი გუნდი ვართ"
3 კვირის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ალბანეთის ნაკრებთან გასამართი უეფას ერთა ლიგის 2024/25 წლების სეზონის B დივიზიონის მეორე ტურის მატჩის წინ, საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ისაუბრა.
"რთული მატჩის მოლოდინი გვაქვს, ნაკრებისთვის სტუმრად თამაში მარტივი არასდროს არ არის, ვიცით, რომ ყველა ბილეთი გაყიდულია და სტადიონზე კარგი ატმოსფერო იქნება. მაქსიმალურს გავაკეთებთ იმისთვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ.
საქართველოს ნაკრებში კარის მშრალად შენახვა სადებიუტოდ სწორედ ალბანეთში მოვახერხეთ. მაშინ ჩემი ევროპული კარიერა ახალი დაწყებული გახლდათ, ამის შემდეგ, ვფიქრობ საკმაოდ განვვითარდი. იმედი მაქვს, რომ ამ სტადიონზე გასამართი შემდეგი მატჩიდანაც კარგი მოგონებები გაგვყვება, ისე ვითამაშებთ, როგორც ჩეხეთთან და გავიმარჯვებთ.
არამხოლოდ ჩემი აზრით, ლოგიკურადაც თუ ვიმსჯელებთ, მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა შეგვიძლია. წინა მატჩის დროს სიამოვნებას ვიღებდი იმით, თუ როგორ თამაშობდნენ ბიჭები შეტევის ხაზში. ამ რესურსის გათვალისწინებით, მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა შეგვიძლია.
ქომაგებთან გადასვლა ჩემი მხრიდან ერთგვარი მადლობის ჟესტი გახლავთ. ვფიქრობ, იქ, სადაც ვართ, მათ გარეშე ვერ მოვიდოდით. ქომაგები ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ჩვენ ერთი გუნდი ვართ", - ამბობს გიორგი მამარდაშვილი.
საქართველოს ნაკრები ალბანეთს 10 სექტემბერს შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.