საქართველოს ნაკრები მსოფლიოს რეიტინგში ერთი პოზიციით დაქვეითდა
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მსოფლიოს რეიტინგში 1 საფეხურით ქვემოთ, 78-დან 79-ე პოზიციამდე ჩამოიწია.
21 სექტემბერს, მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ განახლებული მონაცემები გამოაქვეყნა, რომელშიც ეროვნულ გუნდს მცირე უკუსვლა აქვს და 1 საფეხურით უკან იმყოფება. ჩვენს ნაკრებს ბულგარეთმა გადაასწრო, რომელსაც 2022 წელს ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი ორჯერ დაუპირისპირდა, ერთხელ იმარჯვა (5:2), მეორედ კი ფრეს დასჯერდა (0:0).
სექტემბრის თვეში საქართველოს ნაკრებმა ორი მატჩი გამართა, ორივე მათგანი ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე და 2 მარცხი განიცადა: ესპანეთთან - 1:7 და ნორვეგიასთან - 1:2.
საქართველოს ეროვნული გუნდი შემდეგ მატჩს 12 ოქტომბერს, ბათუმში, ტაილანდის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. ამ ამხანაგური შეხვედრიდან 3 დღის შემდეგ, ვილი სანიოლის გუნდი "დინამო არენაზე", თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ კვიპროსის ნაკრებს დაუპირისპირდება.