Belive

"სამწუხაროა და წარმოუდგენელია, რომ გოლი ვერ გაგვაქვს" - რამაზ სვანაძე

3 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის მე-2 ჯგუფის მე-5 შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები უნგრეთთან საკუთარ არენაზე 0:2 დამარცხდა. პირველი გოლი 73-ე წუთზე საკუთარ კარში ჩაჭრა ლაშა დვალმა, ხოლო 85-ე წუთზე სხვაობა ორამდე გაზარდა ბარნაბას ვარგამ.

მატჩის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ პრესკონფერენციაზე ისაუბრა:

პირველი ტაიმისგან განსხვავებით, მეორე ტაიმში უნგრეთის ნაკრებმა ტემპს მოუმატა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ჩვენს კართან ბევრი ხიფათი იქმნებოდა. ყველანაირად ვეცადეთ, რომ სტანდარტულები დაგვებალანსებინა, სწორედ ამიტომ ვერ დაიწყო რამდენიმე ფეხბურთელმა სასტარტოში თამაში. პირველი გოლი სტანდარტულიდან გავუშვით, რაც მე ვარ მწვრთნელი ეს პირველად მოხდა.

პირველი ტაიმის შემდეგ შესაცვლელი ბევრი არაფერი იყო. ასეთი კარგი პირველი ტაიმი ნაკრებს დიდი ხანია არ ჰქონია. სამწუხაროა და წარმოუდგენელია, რომ გოლი ვერ გაგვაქვს, მომენტები გვქონდა, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით წინა თამაშებზე. პრობლემა რა თქმა უნდა ჩვენშია და ვეცდებით, რომ ყველაფერი გამოვასწოროთ.

ამ ყველაფრიდან გამოსავალი არის მხოლოდ მოგება და რაც შეიძლება სწრაფად, ფსიქოლოგიური მხარე ამ კუთხით არ არის ისეთი როგორიც უნდა იყოს, თითქოს ამ ყველაფრის რწმენა დავკარგეთ. გვაკლია ბევრი ფეხბურთელი, მაგრამ ასევე გვყავს ისეთი ფეხბურთელებიც, რომლებსაც საშემსრულებლო ოსტატობა ნამდვილად არ აკლიათ. ცუდი პერიოდი გვაქვს და არ ვიცი რას დავაბრალო. იმედი მაქვს, რომ ეს სერია 3 დღეში გამოსწორდება, ვეცდებით ეს სიტუაცია შემოვატრიალოთ. ჯერ არ ვიცი რა შეიცვლება მომდევნო მატჩისთვის. - რამაზ სვანაძე - საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი
View this post on Instagram

A post shared by Georgian Football Team (@nakrebi)

საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯგუფის ბოლო შეხვედრას 17 ნოემბერს უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები