Belive

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ისრაელთან დამარცხდა

2 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს 19-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებმა 2024 წლის პირველ ამხანაგურ მატჩში ისრაელის წარმომადგენელ თანატოლებთან - 2:3 - წააგო. შეხვედრა თბილისში, დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე გაიმართა.

სტუმრებმა დაწინაურება პირველ ტაიმში, 34-ე წუთზე, იდო ოლის გოლით მოახერხეს, ხოლო მეორე ტაიმში, 49-ე წუთზე, იდეო კოენმა მეორე ბურთის გატანა მოახერხა.

მატჩის მიწურულს, ვასილ მაისურაძის გაწვრთნილმა გუნდმა, განახლებული შემადგენლობით თამაშის სურათის შემობრუნება მოახერხა. ორწუთიან მონაკვეთში, მე-80 და 81-ე წუთებზე ქართველმა ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ორი გოლი გაიტანეს: ჯერ საბა სამუშიამ, შემდეგ კი ლუკა ფრიდონიშვილმა.

გამარჯვების გოლი სტუმრებმა დამატებით წუთებში გაიტანეს, როცა კუთხურის ჩაწოდების შემდეგ საჯარიმოში არსებული არეულობით ცვლილებაზე შემოსულმა ისრაელის ნაკრების ცენტრალურმა თავდამსხმელმა, ომერ დაჰანიმ ისარგებლა და ამ მატჩის ანგარიში დააფიქსირა.

საქართველოსა და ისრაელის 19-წლამდელთა ნაკრებების მორიგი მატჩი 28 თებერვალს გაიმართება და კვლავ იგივე სტადიონზე შედგება. შეხვედრა თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები