Belive

"სანდროსთან კონტრაქტის გაფორმება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო" - ტორონტოს მთავარი მწვრთნელი

2 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

NBA-ს გუნდმა ტორონტო რეპტორსმა, სადაც ცოტა ხნის წინ სანდრო მამუკელაშვილი გადავიდა მედიის დღე გამართა. საკალათბურთო გუნდიდან მთავარმა მწვრთნელმა დარკო რაიაკოვიჩმა და კალათბურთელმა იაკობ პოელტლმა 26 წლის ქართველზე ისაუბრეს.

სანდროსთან კონტრაქტის გაფორმება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ მას გუნდისთვის სარგებლის მოტანა შეუძლია. მამუკელაშვილს ასევე შეუძლია, რომ უფრო მაღალ დონეზე იყოს კონკურენტუნარიანი და რაც მთავარია ის იზიარებს ჩვენი ორგანიზაციის ღირებულებებს. მჯერა ის მზად არის ახალ საფეხურზე გადასასვლელად და ვფიქრობ მას ექნება იმის შესაძლებლობა და შანსი, რაც მას NBA-ში თამაშის პირველ წლებში აკლდა. ის გუნდში სათადარიგო ცენტრის პოზიციაზე ითამაშებს, მისი პარკეტზე ყოფნის დროს ჩვენ შეგვიძლია სხვადასხვა კალათბურთელებით სხვადასხვა სქემა გამოვიყენოთ. ევრობასკეტზე მან ნამდვილად კარგი სამუშაო გასწია.

წელს უფრო ღრმა შემადგენლობა და მეტი მოთამაშე გვყავს, რომლებსაც შეუძლიათ გუნდის წარმატებაში წვლილის შეტანა. ეს ყველა მწვრთნელის ოცნებაა, არ იქნება მარტივი გადაწყვეტილებების მიღება ყოველი თამაშისთვის, თუმცა ეს არის პრობლემა, რომელიც მე მიყვარს. გუნდში არსებული კონკურენცია თითოეულ კალათბურთელს დაეხმარება, რომ მუდმივად ფორმაში იყოს. მე მიყვარს 10 ან თუნდაც 11-კაციანი როტაციით თამაში. - დარკო რაიაკოვიჩი - ტორონტო რეპტორსის მთავარი მწვრთნელი
ბოლო პერიოდის განმავლობაში სანდროს რამდენჯერმე ვესაუბრე. ველაპარაკე არამარტო იმაზე თუ როგორ გახდეს უკეთესი კალათბურთელი, არამედ იმაზეც თუ როგორ ერგება მისი სათამაშო სტილი ჩვენს გუნდს. ვესაუბრე ჩემი ტორონტო რეპტორის გამოცდილებიდან გამომდინარე, მას ნამდვილად შესწევს ძალა, რომ დიდ პროგრესს მიაღწიოს და ვფიქრობ ჩვენთვის მრავალფეროვნების მოტანა შეუძლია.

ზოგადად მე და სანდროს განსხვავებული სათამაშო სტილი გვაქვს, ის შედარებით დაბალი ცენტრია, რომელსაც მოწინააღმდეგის დაცვის გაწელვა შეუძლია. მამუკელაშვილი პარკეტზე სწორ გადაწყვეტილებებს იღებს. იგივეს გეტყვით ჩემს და კელი ოლინიკის პერიოდზე, როდესაც ის ტორონტოში ასპარეზობდა, მასთან ერთად გუნდს სხვადასხვა შეტევით ვარიანტებს ვთავაზობდით. - იაკობ პოელტლი - ტორონტო რეპტორსის კალათბურთელი

შეგახსენებთ, რომ სანდრო მამუკელაშვილი ტორონტო რეპტორსში სან ანტონიოდან გადავიდა და გუნდთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. გასულ სეზონში ის სპურსში საშუალოდ 11.2 წუთს თამაშობდა და 6.3 ქულას, 3.1 მოხსნას და 0.8 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.

ტორონტო რეპტორსი NBA-ს ახალ სეზონს 23 ოქტომბერს დაიწყებს, მანამდე კი მათ 7 ოქტომბრიდან პრე-სეზონი ექნებათ, სადაც პირველ მატჩს დენვერ ნაგეთსის წინააღმდეგ ჩაატარებენ.

სხვა სტატიები