სამტრედიას ვლადიმერ კაკაშვილი უხელმძღვანელებს
საქართველოს ეროვნული ლიგის წარმომადგენელ "სამტრედიას" ვლადიმერ კაკაშვილი უხელმძღვანელებს.
იმერულმა გუნდმა და ჩრდილოეთ მაკედონიელმა სპეციალისტმა, დიმიტარ კაპინკოვსკიმ თანამშრომლობა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეაჩერეს და მის ნაცვლად ამ თანამდებობაზე, ახალგაზრდა, ნიჭიერი ქართველი სპეციალისტი, ვლადიმერ კაკაშვილი დაინიშნა.
ვეტერანი ფეხბურთელის სამწვრთნელო კარიერა 2015 წელს, "დინამო თბილისის" აკადემიაში დაიწყო. სწორედ მისი ხელმძღვანელობის დროს, "დინამოს" აკადემიაში არაერთი ნიჭიერი ქართველი ტალანტი აღიზარდა, მათ შორის ამჟამად საქართველოს ნაკრების ლიდერები.
2015 წლიდან ვლადიმერ კაკაშვილი "დინამო თბილისის" აკადემიაში მუშაობს და "დინამო 2-ის" ხელმძღვანელიც გახლდათ, რომლის აღდგენა და ეროვნულ ლიგა 2-ში ამოყვანაც მასთან ერთად მოხერხდა.
ვლადიმერ კაკაშვილთან ერთად, სამტრედიელთა სამწვრთნელო გუნდში, კიდევ ერთი ქართველი ვეტერანი ფეხბურთელი, დავით ჭიჭვეიშვილი იმუშავებს.
"სამტრედიას" ეროვნულ ლიგაში ჩატარებული 21 ტურის შემდეგ 11 ქულით მე-10 ადგილი უკავია და შემდეგ მატჩს ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ "გაგრასთან" 24 აგვისტოს გამართავს.