Belive

"პრემიერ ლიგისთვის დასკვნით მომენტამდე ვიბრძოლებთ" - ჩაკვეტაძე უოტფორდის ვებგვერდს ესაუბრა

4 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, გიორგი ჩაკვეტაძე ინგლისის ჩემპიონშიფის 37-ე ტურში, შეფილდ უედნსდეისთან მატჩის წინ, უოტფორდის ოფიციალურ გვერდთან ფიზიკური ფორმისა და გუნდის მზადების შესახებ საუბრობს.

"ფიზიკურად და ტექნიკურად მატჩიდან მატჩამდე ბევრად უკეთესად ვხდები.

რამდენიმე დღე დასვენება გვქონდა, რაც მნიშვნელოვანია განტვირთვისთვის. სამშაბათს თამაშისთვის მზად ვიქნებით.

ჩვენ პოზიტიურად ვართ განწყობილნი. გასული სამი მატჩიდან ორი მოვიგეთ, ამიტომ განწყობა კარგია და ყველა ბედნიერია.

რაც შეიძლება მეტი ქულის მოსაპოვებლად 11 ფინალი დაგვრჩა. ვფიქრობ, რომ ამის გაკეთება შეგვიძლია, მთავარია დასკვნით მომენტამდე ვიბრძოლოთ.

ვიცით, რომ შეფილდ უედნსდეი ჩემპიონშიფის ცხრილის ფსკერზეა, მაგრამ ამ ლიგაში ადვილი თამაში არ არსებობს. დარწმუნებული ვარ, ამ მატჩისთვის მზად ვიქნებით. პლეიოფში მოსახვედრად ქულები გვჭირდება, ამიტომ უნდა მოვიგოთ

მათ იციან, რომ მომავალ სეზონში უკვე ქვედა ლიგაში მიიღებენ მონაწილეობას, ამიტომ თავისუფლად ითამაშებენ. ეს მატჩი ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მათთვის.

შარშან შესანიშნავი მატჩი გამოგვივიდა (6:2) და იმედია სამშაბათსაც ასე იქნება.

გულშემატკივრების როლი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე ძალიან მადლიერი და ყოველთვის ბედნიერი ვარ, როცა მათ წინაშე ვთამაშობ. ისინი ყოველთვის ჩვენთან არიან, ამიტომ მადლობა მათ", - ამბობს გიორგი ჩაკვეტაძე.

უოტფორდი 35 ჩატარებული მატჩის შემდეგ 51 ქულით მე-9 პოზიციას იკავებს და პლეიოფში გასასვლელად იბრძვის.

სხვა სტატიები