Belive

საბერძნეთის ნაკრები: ყველაფერი რაც, ისტორიულ მატჩში მეტოქეზე უნდა ვიცოდეთ

1 თვის წინ ქართული სპორტი
9 წთ

დაარსება: 1929 წელს

საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაცია: დაარსდა 1926 წლის 14 ნოემბერს

ფიფას წევრი: 1927 წლიდან

უეფას წევრი: 1954 წლიდან

პრეზიდენტი: ტაკის ბალტაკოსი

ფიფას რეიტინგი: 49 (2024 წლის 15 თებერვლის მონაცემებით)

უმაღლესი რეიტინგი: 8 (2008 წლის აპრილი, 2011 წლის ოქტომბერი)

ყველაზე დაბალი შედეგი რეიტინგში: 66 (1998 წლის სექტემბერი)

საშინაო არენა: ათენის ოლიმპიური სტადიონი

მეტსახელი: ლურჯ-თეთრები

მთავარი მწვრთნელი: გუსტავო პოიეტი

კაპიტანი: ტასოს ბაკასეტასი

სტატისტიკა

პირველი მატჩი: საბერძნეთი – იტალია 1:4 (1929 წლის 7 აპრილი, ათენი, საბერძნეთი)

ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება: საბერძნეთი – სირია 8:0 (1949 წლის 25 ნოემბერი, ათენი, საბერძნეთი)

ყველაზე დიდი ანგარიშით წაგება: უნგრეთი – საბერძნეთი 11:1 (1938 წლის 25 მარტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

ყველაზე მეტი მატჩი ნაკრებში: გეორგიუს კარაგუნისი (139)

ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი: ნიკოს ანასტოპულოსი (29)

მონაწილეობა მსოფლიოს ჩემპიონატზე: 3 (პირველად 1994 წელს), საუკეთესო შედეგი: მერვედფინალისტი: 2014 წელს

მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატზე: 4 (1980), საუკეთესო შედეგი – ჩემპიონი 2004 წელს

მონაწილეობა კონფედერაციის თასზე: 1 (2005 წელს, ჯგუფური ეტაპი)

ოქროს მედლები: ევროპის ჩემპიონატი 2004, პორტუგალია; ხმელთაშუაზღვის თამაშები 1951, ალექსანდრია, საბერძნეთი

შეიძლება იყოს 11 ადამიანი, ფეხბურთის მოთამაშე ადამიანები and ბრბო გამოსახულება

ისტორია

საქართველოს ეროვნული გუნდი დღეს, 26 მარტს, საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელიც გრანდად არაა წოდებული, თუმცა, 20 წლის წინ კონტინენტის საუკეთესო გუნდის წოდება ერგო. 2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე სენსაციური გამარჯვება ერთადერთი ტიტულია, რომელიც საბერძნეთს ისტორიაში მოუპოვებია. ესეც არ იყოს, მუნდიალზე დიდი ელადის შთამომავლებს, მხოლოდ სამჯერ, ევროპის ჩემპიონატზე კი ოთხჯერ უთამაშიათ.

პირველი ხმაურიანი ნაბიჯი, რომელიც ბერძნებმა გადადგეს, 1980 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა იყო, 1994 წელს კი გუნდი უკვე მუნდიალზეც გამოჩნდა, თუმცა იქ ჯგუფის სამივე შეხვედრა მარცხით დაასრულა. 2004 წლის ევროპის ჩემპიონატი დღემდე ქვეყნის საფეხბურთო ისტორიაში მთავარ მწვერვალად, სპორტის ამ სახეობის ისტორიაში კი ერთ-ერთ ყველაზე დიდ სენსაციად მიიჩნევა. პორტუგალიაში გამართული ტურნირი ბერძნებმა მასპინძლებთან – 2:1 გამარჯვებით დაიწყეს. შეხვედრით, რომელშიც გამარჯვების გოლის ავტორი გეორგიუს კარაგუნისი 25-მეტრიანი გასროლით გახდა.

ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, „მეკობრეთა გემმა“ – ეს მეტსახელი გუნდმა ტურნირის გახსნის ცერემონიალის შემდეგ მიიღო, როცა თავიანთი ქვეყანა სწორედ ამ სიმბოლიკით გამოსახეს – ესპანეთთან ფრე ითამაშა (1:1, ფერნანდო მორიენტესის გოლს ანგელოს ხარისტიასმა უპასუხა).

ბოლო ტურში, ბერძნებმა ტურნირზე პირველი მარცხი განიცადეს, მას მერე, რაც რუსეთის ნაკრებისგან საწყის ათ წუთში ორი გოლი გაუშვეს, მატჩის შემობრუნება ვეღარ მოახერხეს. მიუხედავად ამისა, ბერძნებს ესპანეთთან შედარებით, უკეთესი ბურთების სხვაობა აღმოაჩნდათ და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვეს. ამ ეტაპზე, საბერძნეთს იმ დროისთვის დაუმარცხებელი და მოქმედი ჩემპიონის, საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ დაპირისპირება მოუწია, სადაც გუნდის კაპიტნის, თოდორის ზაგორაკისის მიერ, 65-ე წუთზე გატანილი გოლი ერთადერთი აღმოჩნდა და საბერძნეთის ნაკრები გახდა ისტორიაში პირველი გუნდი, რომელმაც ერთ გათამაშებაში მოქმედი ჩემპიონიც და მასპინძელიც დაამარცხა.

ფინალამდე მიმავალ გზაზე ბერძნებს კიდევ ერთი კონკურენტი ჰყავდათ – ჩეხეთის ნაკრები, რომელიც ტურნირზე ერთადერთი გუნდი იყო, რომელსაც ყველა შეხვედრა მოგებული ჰქონდა, თანაც ისეთი ნაკრებების წინააღმდეგ, როგორებიც ნიდერლანდები (3:2), გერმანია (2:1) და დანიაა (3:0). იმ დროისთვის, ტურნირის მოგების მთავარ ფავორიტად სწორედ ჩეხები ითვლებოდნენ. მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა, განსაკუთრებით ბერძნებისთვის, რომელთაც მეტოქის მიერ საწყის წუთებში შექმნილი წნეხისთვის გაძლება მოუწიათ. საბოლოოდ, შეხვედრის ძირითადი დრო გოლის გარეშე დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩეხებმა მატჩში არაერთი მომენტი შექმნეს და გოლის გატანასთანაც ახლოს იყვნენ, მეტოქის კარის დალაშქვრა პირველი დამატებული ტაიმის ბოლო წუთზე, საბერძნეთმა შეძლო, კერძოდ კი ვასილის ციარტასის კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთისა და მასზე ტრაიანოს დელასის ზუსტი რეაგირების შემდეგ და საბერძნეთი ისტორიაში პირველად, დიდი ტურნირის ფინალში აღმოჩნდა. გადამწყვეტ მატჩში ბერძნები იმ გუნდს შეხვდნენ, რომელსაც პირველ ტურში და მასპინძლების დამარცხება მეორედაც მოახერხეს. საინტერესოა, რომ ისტორიაში პირველად, ფინალი გახსნის მატჩის განმეორება გახლდათ. სტუმრებმა გამარჯვება მეორედაც მოახერხეს, ამჯერადაც მინიმალური სხვაობით – 1:0. ერთადერთი გატანილი გოლის ავტორი ანგელოს ხარისტიასი გახდა, რომელმაც მეტოქის კარი 57-ე წუთზე დალაშქრა. საინტერესოა ის, რომ ტურნირის დაწყებამდე, ბუქმეიქერები ჩემპიონობის ყველაზე ნაკლებ შანსს ლატვიას ანიჭებდანენ, ამ მხრივ ბოლოსწინა ადგილზე კი ბერძნები იმყოფებოდნენ.

ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ მეორე მონაწილეობისას მოგებულმა ტიტულმა საბერძნეთს მომდევნო წელს, კონფედერაციის თასისკენ მიმავალი გზა გაუხსნა. გერმანიაში ჩატარებული ტურნირის ჩემპიონი ბრაზილიის ნაკრები გახდა, საბერძნეთმა კი სწორედ მომავალ ჩემპიონთან და იაპონიასთან მარცხისა და მექსიკასთან ნათამაშები უგოლო ფრეს შემდეგ, ჯგუფური ეტაპის ბარიერი ვერ დაძლია, თანაც ისე, რომ გუნდს გოლი არ გაუტანია.

2004 წლის ტრიუმფის შემდეგ, საბერძნეთისთვის წარმატებული პერიოდი დადგა. გუნდმა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის მეოთხედფინალში, ორი წლის შემდეგ კი მუნდიალის მერვედფინალში ითამაშა. ამის შემდეგ, ბერძნები არც ერთ ფინალური ტურნირში არ მომხვდარან.

მსოფლიოს რეიტინგში საბერძნეთის ნაკრებს საუკეთესო შედეგი 2000-იანი წლების მიწურულს ჰქონდა, როცა საწყის ათეულში აღმოჩნდა. ამჟამად "ელინები" 49-ე ადგილს იკავებენ. საბერძნეთის ნაკრებში თაობათა ცვლის პროცესი დასასრულს უახლოვდება. გუნდი ნელ-ნელა დაიცალა იმ ვეტერანი ფეხბურთელებისგან, რომლებმაც თავიანთი ქვეყნის სახელის წარმატებულად გატანა კონტინენტისა და პლანეტის მასშტაბით მოახერხეს. ელინებს ახალი, ნიჭიერი თაობა ჰყავთ, რომელთა რამდენიმე წარმომადგენელი ევროპის წამყვან ჩემპიონატებში ადგილს იკავებს.

შეიძლება იყოს 4 ადამიანი, ფეხბურთის მოთამაშე ადამიანები, (ამერიკული) ფეხბურთის მოთამაშე ადამიანები and ტექსტი გამოსახულება

ურთიერთშეხვედრები

საბერძნეთის ნაკრები საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული მეტოქეა. ჩვენი გუნდი ელინებს ისტორიაში სულ 9-ჯერ დაუპირისპირდა, საიდანაც 7-ჯერ დამარცხდა და ორჯერ ფრეს მიაღწია.

პირველი მატჩი 1996 წელს, იანინაში გაიმართა და იმ ამხანაგურ დაპირისპირებაში – 1:2 დავმარცხდით. ალექსანდრე ჩივაძის გაწვრთნილი გუნდის მაისურით გოლი გოჩა გოგრიჭიანმა გაიტანა.

1998 წელს, ბერძნებს უკვე ევრო შესარჩევის ეგიდით დავუპირისპირდით და ათენში გამართულ მატჩში მასპინძლებმა ვლადიმერ გუცაევის გაწვრთნილ გუნდთან – 3:0 იმარჯვეს. ამავე შესარჩევი ციკლის მეორე მატჩი მომდევნო წელს, შინ, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გამართული შეხვედრა – 1:2 დავთმეთ. იქ გოლი თემურ ქეცბაიამ გაიტანა. მაშინ, გუნდს იოჰან ბოსკამპი ხელმძღვანელობდა.

2005 წელს, ბერძნებს, უკვე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით ვუმასპინძლეთ და იმ შეხვედრაში მეტოქემ ორბურთიანი უპირატესობით დაგვამარცხა – 1:3. ალან ჟირესის გაწვრთნილი გუნდის შემადგენლობიდან თავი მალხაზ ასათიანმა გამოიჩინა. შემდეგი შეხვედრა პირეოსში გაიმართა და იქ ერთადერთი, უპასუხო გოლი გავუშვით.

2005 წლის 12 ოქტომბერს, გუნდი მოედანზე გაიოზ დარსაძემ გაიყვანა. საბერძნეთთან პირველად ქულა 2010 წლის 3 სექტემბერს მოვიპოვეთ. ათენში, გეორგიოს კარაისკაკისის არენაზე ანგარიში მესამე წუთზე ალექსანდრე იაშვილმა გახსნა, თუმცა თემურ ქეცბაიას გუნდმა 72-ე წუთზე გაუშვა და ფრეს დასჯერდა.

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრა საშინაო კედლებში ჩავატარეთ და 2011 წლის 11 ოქტომბერს, ვაკეში, 1:2 დავმარცხდით. თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი გუნდის მაისურით გოლი მე-19 წუთზე, დავით თარგამაძემ გაიტანა. ​

ყველაზე ახლო პერიოდში ორი მატჩი ამ გუნდებს შორის 2021 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გაიმართა და სალონიკური შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა, ხოლო ბათუმურ მატჩში 0:2 წავაგეთ. პირველ მატჩში, 76-ე წუთზე ანგარიში ოთარ კაკაბაძის ავტო-გოლით გაიხსნა, რასაც 2 წუთში ხვიჩა კვარაცხელიას სოლო-რეიდი და გოლი მოჰყვა. რაც შეეხება საქართველოში ჩატარებულ მატჩს 90-ე წუთზე, იქ VAR-ის გამოყენებით დანიშნული პენალტი ანასტასიოს ბაკასეტასმა გამოიყენა, ხოლო მეხუთე დამატებულ წუთზე დიმიტრიოს კურბელისმა მეორე გოლი გაიტანა.

საბერძნეთი - საქართველო 1:1

სხვა სტატიები