Belive

ვილი სანიოლი: "საქართველოში ბედნიერი ვარ და ამ ეტაპზე არსად წასვლას არ ვაპირებ"

2 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ერთა ლიგის 2024/25 წლების სეზონის დაწყების წინ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"გვსურს, რომ ის, რაც ზაფხულში, ევროპის ჩემპიონატზე ვნახეთ, ისევ გამეორდეს და ქვეყანამ ეს ზეიმი ისევ შეიგრძნოს, უბრალოდ, ახალ ეტაპს ახლა ვიწყებთ და წინასწარ დიდ მიზნებზე საუბარი ნაადრევია.

როცა აქ მოვედი, ეს ჩემთვის რაღაც განსაკუთრებული მომენტი გამოდგა. საქართველოში არსებული ემოციური მდგომარეობა ჩემთვის ცოტა უცხო აღმოჩნდა. ამ ემოციებმა, მნიშვნელოვანი მატჩების დროს, წარსულში შეცდომებიც მოიტანა. საკუთარ შეცდომებზე ვსწავლობთ, მარტის შემდეგ, ემოციებში, კონცენტრაციაში, დისციპლინაში განსხვავება ნამდვილად არსებობს. საუკეთესო მაგალითი, ლუქსემბურგთან და საბერძნეთთან მატჩებია, რომელბშიც ფეხბურთელებმა მხოლოდ დისციპლინა აჩვენეს.

არ ვფიქრობ, რომ ქართველი ვარ თუ ფრანგი, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. არის დღეები, როცა ჩემი ოჯახის წევრები აქ არიან. თავს კარგად ვგრძნობ, რადგან ზაფხულში რაღაც განსაკუთრებული შევქმენით. მიხარია, რომ ასეთ გასაოცარ ხალხთან, ფეხბურთელებთან და სტაფთან მიწევს ურთიერთობა.

მიზეზთა გამო რამდენიმე ფეხბურთელი გამოგვაკლდა. ვფიქრობ, ლუკა გადრანმა გამოძახება დაიმსახურა. მას ყაზახეთის ჩემპიონტში მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს. ამ კომპონენტს რომ დიდი მნიშვნელობა აქვს, ევროპის ჩემპიონატმა კიდევ ერთხელ გვანახა. მომავალშიც, ამას დიდი მნიშვნელობა მიენიჭება.

რაც შეეხება შოთა ნონიკაშვილს, მე მას 21-წლამდელთა ნაკრებიდან ვაკვირდები. მომწონს მისი განვითარების ტემპი. ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელმაც უკრაინაში კარიერის გაგრძელება გადაწყვიტა და იმედი მაქვს, ის ბედნიერი იქნება და წარმატებას მიაღწევს.

მე აქამდეც ბევრჯერ ვთქვი, რომ აქ თავს კარგად ვგრძნობ. რა თქმა უნდა, ჩემი ქვეყანა მიყვარს, მაგრამ იქ სამუშაოდ დაბრუნება ამ ეტაპზე ჩემს გეგმებში არ შედის.

ჩემი აზრით, ევროპის ჩემპიონატზე, ჩეხეთთან მატჩი ჩვენთვის ყველაზე რთული აღმოჩნდა. ფიზიკურად ჩვენი მეტოქე ძალიან კარგად არის მომზადებული.
ახალ ეტაპს ვიწყებთ. გამარჯვება ნებისმიერ მატჩში ჩვენს გეგმებში შედის. ეს გუნდში კარგი განწყობის შესაქმნელად ძალიან მნიშვნელოვანია. როცა ერთა ლიგა შეიქმნა, ყველაზე დაბალ D ლიგაში გამოვდიოდით, ახლა კი უკვე B ლიგაში ვართ. ვაჩვენეთ, რომ უფრო მაღალი დონის გუნდებთან თამაშიც შეგვიძლია და ამის კიდევ ერთხელ დამტკიცებას შევეცდებით.

გურამ კაშიასთან საქართველოს ნაკრებში მის დარჩენაზე მე არ მისაუბრია, რადგან არსდროს მიფიქრია, რომ თუნდაც ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ის გუნდიდან წასვლას გადაწყვეტდა. იმედი მაქვს, რომ ასაკის მიუხედავად, ჩვენი ნაკრების კაპიტნობას გააგრძელებს. გურამ კაშია კარგი ღვინოსავით არის: რაც უფრო მეტად ემატება ასაკი კიდევ უფრო უკეთესი ხდება", - ამბობს ვილი სანიოლი.

საქართველოს ნაკრები სექტემბრის თვეში ორ მატჩს გამართავს. 7 სექტემბერს ჩვენი გუნდი ჩეხეთს შინ, მიხეილ მესხის სტადიონზე შეხვდება, 10 რიცხვში კი ალბანეთთან სტუმრად ითამაშებს.

სხვა სტატიები