საბა სამუშია პორტუგალიის ჩემპიონატში ითამაშებს
პორტუგალიური მედიის ინფორმაციით, საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრი, საბა სამუშია, კარიკერას "რიუ ავეში" გააგრძელებს.
18 წლის ფეხბურთელი პორტუგალიის რანგით ყველაზე მაღალი ლიგის წარმომადგენელ გუნდს შეუერთდება. პორტუგალიურ მედიაში ამბობენ, რომ ჯერჯერობით, ახალგაზრდა ქართველი შემტევი ნახევარმცველის ახალ გუნდთან კონტრაქტის პირობები გარკვეული არ არის, მაგრამ ის 2025 წლის იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე პორტუგალიაში ჩავიდა და ხელშეკრულებას მალე ხელს მოაწერს.
საბა სამუშია "დინამო თბილისის" აკადემიის აღზრდილია, საიდანაც "ანორთოსისის" 19-წლამდელთა გუნდში მოხვდა, კვიპროსიდან კი სამშობლოში დაბრუნდა.
საბა სამუშიას გარდა, "რიუ ავეში" კიდევ სამი ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი ირიცხება: 18 წლის მეკარე "დინამო თბილისიდან" მათე საური, პორტუგალიაში დაბადებული და გაზრდილი 19 წლის მარჯვენა მცველი გიორგი ქარსელაძე და ინგლისში, "ფლიტვუდის", "ქუინს პარკ რეინჯერსისა" და "ლუტონის" აკადემიებში კარიერის დამწყები 19 წლის ცენტრალური ნახევარმცველი, გიგი გოგია. ყველა მათგანი "რიუ ავეს" 23-წლამდელთა გუნდის შემადგენლობაში თამაშობს.
საბა სამუშია ჯერ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების წევრი გახლდათ, ახლა კი, 19-წლამდელთა გუნდის შემადგენლობაში თამაშობს და 14 მატჩში 2 გოლიც აქვს გატანილი და 2 საგოლე პასი გაკეთებული.