Belive

საბა მამაცაშვილი კარიერას შვედეთის ჩემპიონატში გააგრძელებს

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი, საბა მამაცაშვილი კარიერას შვედეთის ჩემპიონატის წარმომადგენელ "სირიუსში" გაგრძელებს.

21 წლის ფეხბურთელი ბუნებრივი ამპლუით მარცხენა მცველია, მაგრამ "იბერია 1999-ში" ჯერ გიორგი მიქაძე, შემდეგ კი ლევან კორღალიძე მას ფლანგის შემტევის პოზიციაზე ტვირთავდნენ.

ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი ახალ გუნდთან კონტრაქტს 2029 წლამდე გააფორმებს.

"აქ გადმოსვლით ძალიან ამაყი ვარ და მინდა, საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენა და საუკეთესო ვერსიის ჩვენება შევძლო", - ამბობს ქართველი ფეხბურთელი.
"საბას საქართველოსა და შვედეთის 21-წლამდელთა ნაკრებების მატჩის შემდეგ ვიცნობთ და თვალს ვადევნებთ.

საბა მამაცაშვილი ფიზიკურად ძლიერი ფლანგის მცველია, რომელსაც აქვს კარგი შეტევითი პოტენციალი და სხვა პოზიციებზე თამაშიც შეუძლია.

ვფიქრობთ, შემოდგომიდან ის უკვე ჩვენთვის სარგებლის მომტანი ფეხბურთელი გახდება, იქამდე კი იმედია, ახალ ქვეყანასთან, ჩემპიონატსა და გუნდთან ადაპტაციას მალე შეძლებს", - ამბობს გუნდის სპორტული დირექტორი, ჯონათან ედერსტრომი.

საბა მამაცაშვილი "იბერია 1999-ს" აკადემიის აღზრდილია, 2023 წლის სეზონი "გაგრაში" იჯარის წესით გაატარა და მშობლიურ გუნდში დაბრუნდა. საბა მამაცაშვილს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში 7 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და 1 გოლი გატანილი.

სხვა სტატიები