რუდი გარსია: "კვარა 90 წუთის სათამაშოდ მზად არის, ის გოლებს და საგოლე პასებს შემოგვთავაზებს"
2 წლის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა, რუდი გარსიამ თავისი გუნდისა და საქართველოს ნაკრების ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
იტალიის სერია A-ს მეოთხე ტურის ეგიდით, "ჯენოასთან" სტუმრად გასამართი მატჩის წინ, პრესკონფერენციაზე, ფრანგმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ 22 წლის ქართველისგან უკეთეს შედეგიანობას ელოდება და თქვა ისიც, რომ კვარა 90 წუთის სათამაშოდ უკვე მზად არის.
"კვარაცხელია გუნდში გუშინ დაბრუნდა. მან საქართველოს ნაკრებში ორჯერ 90 წუთის განმავლობაში ითამაშა. არ მაღელვებს ის ფაქტი, რომ გარკვეული პერიოდია გოლი არ გაუტანია. მას საამისოდ "ლაციოსთან" მცირედით იღბალი დააკლდა. როცა ის ფიზიკურად თავს კარგად იგრძნობს, გოლების გატანასა და საგოლე პასის გაკეთებას მოახერხებს. ეროვნულ გუნდში ორი სრული მატჩის ჩატარება ნიშნავს იმას, რომ ფიზიკურად მზადაა" - თქვა რუდი გარსიამ.
"ნაპოლისა" და "ჯენოას" მატჩი 16 სექტემბერს გაიმართება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.