Belive

"ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ს ქართველი არტისტი, რომლის საფეხბურთო უნარებმა თავისი მამის სიცოცხლე გადაარჩინა" - The Athletic

6 თვის წინ ფეხბურთი
14 წთ

ხვიჩა კვარაცხელია პროფესიონალური საკლუბო კარიერის ყველაზე მნიშვნელოვან მატჩს 31 მაისს, 23:00 საათზე გამართავს. UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალში პარი სენ-ჟერმენისა და ინტერის დაპირისპირება შედგება და უდიდესი ალბათობით, კვარა მატჩს ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყებს.

ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის ფინალამდე 2 დღით ადრე, ავტორიტეტული გამოცემა, The Athletic ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც ქართველი ვარსკვლავის შესახებ უამრავ საინტერესო ისტორიაზეა საუბარი.

როგორც პატარა ბიჭი, ხვიჩა კვარაცხელია იჯდა და ვაშლების გაზრდას უცდიდა...

ხვიჩა კვარაცხელია, ბავშვობაში ზაფხულის თვეებს წალენჯიხაში, კავკასიის მთების კალთებქვეშ, მშობლების სახლში ატარებდა. მათ საცხოვრებელ სახლსა და მდინარეს შორის მწვანე მდელო და დიდი რკინის ჭიშკარი იყო. ეს იყო შესანიშნავი საფეხბურთო მოედანი.

ჭიშკარი დეკორატიული ორნამენტებით იყო გაწყობილი. კვარაცხელიას მამა, ბადრი, რომელიც ასევე პროფესიონალი ფეხბურთელი იყო, თავადაც ამ ჭიშკართან თამაშობდა, 30 წლის შემდეგ კი მემკვიდრეობა ხვიჩას ერგო.

მალევე, როდესაც მეტალის ჭიშკარზე ბურთის მოხვედრის ხმა გაიგო, ბადრი ეზოში გავიდა, რათა ენახა, თუ როგორ აითვისა ხვიჩამ მისი დარიგება. თუმცა, ერთი რამ სრულიად განსხვავებულად გამოიყურებოდა. ახლა ჭიშკრის თითოეულ წვერზე ვაშლი იყო წამოცმული. იმ შემთხვევაში, თუ ბურთი მას მოხვდებოდა, უვნებლად გადმოვარდებოდა უკან. ყოველ ივნისს კვარაცხელია ამ რიტუალს იმეორებდა.

ბადრის ახალი თავსატეხი გაუჩნდა - მის ეზოში ბალახი ვერ გაძლებდა, რადგან ხვიჩა მთელი დღე და ღამე თამაშობდა.

შესაძლოა მისი შვილის გამორჩეულობა თავიდანვე მოსალოდნელი იყო. რეგიონული იდენტობა საქართველოში საკმაოდ მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ კვარაცხელია ძირითადად თბილისში იზრდებოდა, მისი ოჯახი სამეგრელოს მიეკუთვნება - დასავლეთ საქართველოს ეთნიკურ ჯგუფს.

"მეგრელი ხალხი ჭკვიანია. მეგრელები ძალიან ჭკვიანები და კრეატიულები არიან. ჩვენ მაღალმთიანი რეგიონის შვილები ვართ და თუ ხელს ჩამოგართმევთ, ყველაფერი გადაწყვეტილია - ხელმოწერა აღარაა საჭირო. სწორედ ესაა საჭირო, იმისთვის, რომ კვარას გაუგო. ეს არის კულტურა, რომლითაც ის აღიზარდა", - ბადრი კვარაცხელია.

The Athletic-ის გუნდი თბილისს ეწვია, რათა უკეთ გაეგო ყველა ის ნიუანსი, რომელიც კვარაცხელიას დიდებულ ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში დაეხმარა და რა არის მისი თავბრუდამხვევი დრიბლინგის საიდუმლო...

იმ დროს, როდესაც ბადრი კვარაცხელია აზერბაიჯანში სამწვრთნელო კარიერით იყო დაკავებული, ხვიჩა პროფესიონალურ ასპარეზზე პირველ ნაბიჯებს დგამდა. იმ პერიოდში, ბადრის ჯანმრთელობა გართულდა და მის კეთილდღეობას დიდი საფრთხე შეექმნა. ექიმებმა უთხრეს, რომ დაუყოვნებლივ გულის ოპერაცია იყო საჭირო, რომლის ფინანსებიც ოჯახს არ გააჩნდა.

18 წლის ასაკში კვარაცხელიას საქართველოს დატოვება არ სურდა, მაგრამ მალევე გააანალიზა, რომ იძულებული იყო, მოსკოვის ლოკომოტივის წინადადებას დათანხმებოდა. მისი პირველი გასამრჯელო საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მამის ოპერაცია დაეფინანსებინა და მისი სიცოცხლე გადაერჩინა.

"ეს მისთვის კითხვადაც კი არ ღირდა. პირველი ხელფასი სრულად ჩაგვირიცხა", - ბადრი კვარაცხელია.

ბადრი ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ინტერის წინააღმდეგ გასამართ მატჩს დაესწრება და მოზღვავებულ ემოციებთან გამკლავება მოუწევს. ბადრი ასევე ესწრებოდა მატჩს, რომელშიც მისმა შვილმა ასტონ ვილას ულამაზესი გოლი გაუტანა. უდიდეს სისწრაფეზე კვარაცხელია უბრალოდ კი არ დარბის - ის დაფრინავს და ისევე იცვლის მიმართულებას, როგორც ნაკადული. ასტონ ვილას ცენტრალურმა მცველმა, აქსელ დისასიმ ეს საკუთარ თავზე მწარედ გამოსცადა, მაგრამ მის მშობლებს ხვიჩასგან ეს მანამდეც უნახავთ.

"ჩვენი პირველი შვილი 5 წლით უფროსია. ხვიჩას სურდა, რომ ყოველთვის მისი უფროსი ძმის გვერდით ყოფილიყო. როდესაც 5 წლის იყო დავაკვირდით, თუ როგორ დასდევდა ძმას. ხვიჩას შეეძლო სწრაფად გაერბინა პირდაპირ და შემდეგ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე 90 გრადუსით შემობრუნებულიყო", - მაკა კვარაცხელია.

"ერთხელ, ხვიჩას კიმონო აჩუქეს და ძიუდოთი დაინტერესება შესთავაზეს. ეს საოცრად სწრაფი სპორტია - წამიერი მოდუნება და იატაკზე ხარ გაკრული. მწვრთნელმა მისი რეფლექსები დაინახა და სპორტსმენისთვის საჭირო უნარები აღმოაჩინა", - ბადრი კვარაცხელია.

ჩემპიონთა ლიგაზე დრიბლინგი ბრძოლის ერთ-ერთი სახეობაა. მისი ადრინდელი მწვრთნელები კვარაცხელიას სისწრაფესა და მსუბუქ შეხებებს იხსენებენ და ფეხბურთზე მეტად, ფარიკაობასთან აიგივებენ. ნათქვამია, რომ ტექნიკურად უდიდესი ფეხბურთელები პირველად ბურთს იყვარებენ და შემდეგ სპორტს. არც კვარაცხელია აღმოჩნდა გამონაკლისი.

"როდესაც ფეხი აიდგა, ბურთთან ერთად დაიწყო სიარული. როდესაც დასაძინებლად მიდიოდა, საწოლში ბურთი მიჰქონდა. ჩვენს სამეზობლოში უამრავი პატარა მოედანი იყო. საღამოობით, როდესაც ბადრი სახლში არ იყო, მისი ძებნა მოედნიდან მოედნამდე მიწევდა, მანამ სანამ სახლისგან ასობით მეტრის მოშორებით არ ვიპოვიდი.

მაგრამ, როდესაც ბავშვობაში თამაშობდა, მხოლოდ გასართობად არასდროს დარბოდა. თუ ბურთს დაკარგავდა, კარის დასაცავად უსწრაფესად ბრუნდებოდა და გუნდს დაცვაში ეხმარებოდა. ვფიქრობ, ეს სწორედ ის თვისებაა, რომელმაც დამარწმუნდა, რომ ნაპოლიში გადასვლის შემდეგ, ყველაფერი კარგად იქნებოდა", - მაკა კვარაცხელია.

2022 წელს, იტალიაში გადასვლის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას დრიბლინგმა მსოფლიო აღიარება ჰპოვა. ნაპოლის ფანები მას აღმერთებდნენ. თავიდან ის იყო კვარადონა, შემდეგ კი კვარავაჯო.

ყველაფერი კი გაცილებით ადრე დაიწყო. კვარაცხელია 10 წლის ასაკში დინამო თბილისის მთავარმა სკაუტმა, თემურ უგრეხელიძემ აღმოაჩინა. უგრეხელიძე აღმოჩნდა ის პირველი ადამიანი, რომელმაც უამრავ ტალანტს გაუკვალა გზა. მათ შორის ლივერპულის კიპერ, გიორგი მამარდაშვილს, სენტ-ეტიენის შემტევ, ზურიკო დავითაშვილსა და უოტფორდის ნახევარმცველ, გიორგი ჩაკვეტაძეს.

"ის საოცრად მამაცი და გამბედავი ბავშვი იყო. სწორედ ამან მიიპყრო ყველაზე დიდი ყურადღება. როდესაც დრიბლინგს იწყებდა, მხოლოდ წინ მიემართებოდა. უამრავი ფეხბურთელია, რომელიც დრიბლინგს ცდილობს, მაგრამ, როდესაც ბურთს კარგავს მომენტალურად ნებდება. ხვიჩას შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარად იყო - ხუთჯერ, რომ დაეკარგა ბურთი, ის მეექვსედ კიდევ შეეცდებოდა", - თემურ უგრეხელიძე.

კვარაცხელის პირველი დღე დინამოში, ახალი აკადემიის გახსნას დაემთხვა. ამ ღონისძიებას კრიშტიანუ რონალდუც ესწრებოდა. წლების შემდეგ, როდესაც ევროპის ჩემპიონატზე საქართველომ პორტუგალია დაამარცხა, ეს ფოტო სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა.

კვლავ დინამო თბილისის აკადემიას, რომ დავუბრუნდეთ - გუნდში სულ სხვა ფეხბურთელი იყო ვარსკვლავი.

"კვარა არ ყოფილა ჩვენი უძლიერესი ფეხბურთელი. ზურიკო დავითაშვილი გაცილებით უკეთესი იყო. კვარას ბრწყინვალე უნარები ყოველთვის გააჩნდა, მაგრამ ძალიან გამხდარი იყო და ამის გამო ხშირად უჭირდა. მის გუნდში, 1 წლით გვიან დაბადებული ბავშვებიც თამაშობდნენ. იყო შემთხვევები, როდესაც 2001 წელს დაბადებული ბავშვები, 2000 წელს დაბადებულთა გუნდში თამაშობდნენ, მაგრამ კვარა მხოლოდ მის ასაკობრივ ჯგუფში თამაშობდა", - ლევან გვანცელაძე.

მისი ძმებისგან განსხვავებით, ხვიჩა ნელნელა იზრდებოდა - მის ოჯახს სჯერა, რომ სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც კარიერაში კუნთის ტრავმებს გადაურჩა.

"ერთ-ერთი მიზეზი, რომელიც კვარაცხელიას დღეს ძალიან ეხმარება ისაა, რომ ჩვენ საქართველოს ყველაზე ძლიერი გუნდი ვიყავით. ჩვენთან თამაშისას მეტოქეები, ყოველთვის უკან იხევდნენ და დაცვით ფეხბურთს გვეთამაშებოდნენ, რის გამოც მოედნის დასკვნით მესამედში ყოველთვის სიმჭიდროვე და მცირე სივრცე ჩნდებოდა. ასეთ დაცვასთან გასამკლავებლად, კრეატიულობა, მეტი აგრესია და ერთი-ერთზე თამაშის ბრწყინვალე უნარები გვჭირდებოდა. სწორედ ის, რასაც დღეს კვარაცხელია პარი სენ-ჟერმენში აკეთებს", - ლევან გვანცელაძე.

კვარაცხელიების ოჯახს გარკვეული პრობლემები შეექმნათ, როდესაც ხვიჩამ თინეიჯერობის ადრეულ წლებს მიაღწია. ფინანსური სირთულეების გამო, ბადრის აზერბაიჯანში დარჩენა და სამსახურის მოძებნა მოუხდა, მაკა კი დროებით წალენჯიხაში დაბრუნდა.

მაკა ხვიჩას გარკვეულ თანხას აძლევდა, რათა თავისთვის მიეხედა და ტურნირებზე გუნდთან ერთად ყოფილიყო. თუმცა, ხვიჩა ამ ფულს არასდროს ხარჯავდა. კვარა ფულს აგროვებდა და შემდეგ მის ძმებთან ან მეგობრებთან ერთად ხარჯავდა. ან ვინმე, ვისაც მასზე მეტად უჭირდა მაკდონალდსში მიყავდა.

იმ საშიშროებიდან გამომდინარე, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ხვიჩაზე ძალიან იმოქმედებდა, მისმა მწვრთნელმა ვლადიმერ კაკაშვილმა კლუბს სპეციალური თხოვნით მიმართა.

"მის ცხოვრებაში ბევრ პრობლემას ვხედავდი. ჩვენს აკადემიაში მოქმედებდა წესი, რომ მხოლოდ თბილისისგან შორს მცხოვრებ ბავშვებს შეეძლოთ ჩვენი აკადემიის ინფრასტრუქტურით სრულად სარგებლობა და ვარჯიშთან ერთად აკადემიაში ცხოვრება. აკადემიის დირექტორი დავარწმუნე, რომ გამონაკლისი დაგვეშვა და კვარასთვის ცხოვრების უფლება მიგვეცა", - ვლადიმერ კაკაშვილი.

2016 წელს, დინამოს აკადემიამ პირველად უმასპინძლა ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირს. 16-წლამდელთა საერთაშორისო ტურნირი, რომელზეც ხვიჩა კვარაცხელიას პირველად მიეცა შესაძლებლობა, რომ უცხოურ კლუბებს დაპირისპირებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მეტოქეები მასზე ასაკით უფროსები იყვნენ, კვარაცხელიამ იმდენად კარგად ითამაშა, რომ ყველას მისი სახელი და გვარი ეკერა პირზე.

შოთა რუსთაველის ლეგენდარული ვეფხისტყაოსნიდან 800 წლის შემდეგ, ქვეყანამ ახალი რაინდი აღმოაჩინა - მოედნის მიღმა კვარაცხელია თავმდაბალი და განვითარებაზე ორიენტირებული ბიჭი იყო, რომელიც ყოველთვის კეთილშობილებით გამოირჩეოდა. მოედანზე კი გამარჯვებისთვის მთელ ძალ-ღონეს და აგრესიას დებდა.

"ის ზუსტად მსგავსი პერსონაჟია. ვერ ვიხსენებ ეპიზოდს, სადაც ის გასაჭირში იყო, მაგრამ სიმამაცის, ხასიათისა და ტექნიკური შესაძლებლობების ნაზავი, კვარაცხელიას დიად ფეხბურთელად აქცევს", - თემურ უგრეხელიძე.

"იცით, რომ ნაპოლისა და საქართველოს შორის საოცარი მსგავსებაა? ჩვენ მსგავსად ემოციური ხალხი ვართ. ძალიან ემოციური და ვაღმერთებთ ფეხბურთს. ეს არ არის ჩვენი ცხოვრების ნაწილი - ეს ჩვენი ცხოვრებაა", - ბადრი კვარაცხელია.

ხვიჩა კვარაცხელია 12 გოლითა და 13 საგოლე გადაცემით ნაპოლის 33 წლიანი პაუზის შემდეგ, სკუდეტოს ნანატრი ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა. ისტორიულ ტრანსფერში კი ბადრი კვარაცხელიას უდიდესი წვლილი მიუძღვის.

"ბათუმის დინამოს დატოვებისას, ხვიჩას მიმართ საკმაოდ დიდი ინტერესი იყო, მაგრამ როდესაც ნაპოლი გამოჩნდა... მას ვუთხარი, არ იდარდო ბონუსებზე, არ იფიქრო ხელფასზე. შენ ითამაშებ იქ, სადაც მარადონა თამაშობდა. გაიზიარებ იგივე მოედანს და გასახდელ ოთახს. უბრალოდ მოაწერე კონტრაქტს ხელი - მიდი!", - ბადრი კვარაცხელია.

ზოგჯერ მაკა ღელავს, რომ მისი შვილი წარმატებას სათანადოდ არ აღნიშნავს და საგრძნობლად წყნარია. ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელები მოედანზე სიხარულისგან დახტოდნენ, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელია თანაგუნდელებთან შედარებით მოკრძალებული იდგა.

"მინდა, რომ უფრო ემოციურად აღნიშნავდეს. ამიტომ ვკითხე: რატომ არ აღნიშნე, ისე, როგორც შენმა თანაგუნდელებმა? მან კი მიპასუხა: დედა, ასაღნიშნი, ჯერ არაფერია. ჩვენ ფინალი გვაქვს მოსაგები", - მაკა კვარაცხელია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ძირითად ბირთვს, სხვადასხვა დროს დინამო თბილისის აკადემიაში აღზრდილი ფეხბურთელები წარმოადგენენ. გასულ ზაფხულს, ევროპის ჩემპიონატზე ხვიჩა კვარაცხელიასა და საქართველოს ბრწყინვალე ასპარეზობის შემდეგ კი, დინამოს აკადემიაში აპლიკანტთა რაოდენობა გასამმაგდა.

აკადემიის ერთ ახალწვეულს კი გაცილებით უფრო დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, ვიდრე მის თანაგუნდელებს. 15 წლის თორნიკე კვარაცხელიაც, ბრწყინვალე ვინგერია. ხვიჩას მსგავსად, ისიც უგრეხელიძემ მიიყვანა დინამოს აკადემიაში.

"ხვიჩა გაცილებით უფრო სწრაფი იყო - თორნიკეს შედარებით მეტი დრო სჭირდება, რათა დაფიქრდეს და გადაწყვეტილება მიიღოს", - თემურ უგრეხელიძე.

"ის ასევე გამხდარია და ფიზიკურად განვითარება სჭირდება. მაგრამ ძმებს ერთნაირი ხასიათი აქვთ. ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ ტურნირზე ფინალში დავმარცხდით და თორნიკემ ჩემს მკლავებში იტირა. მსგავსი რამ მის ძმასთანაც მოხდა 8 წლის წინ", - თემურ უგრეხელიძე.

მაისის დასაწყისში UEFA-ს განვითარების თასზე თორნიკე ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. მან სომხეთის, უზბეკეთისა და ლატვიის წინააღმდეგ გამართულ მატჩებში გაიბრწყინა. დინამოს აკადემიაში იმედოვნებენ, რომ პროგრესის ასეთი ტემპით გაგრძელების შემთხვევაში, თორნიკე ძირითად გუნდში მალე დაწინაურდება.

მალევე საუბარი კვლავ მის საყვარელ აღსაზრდელზე გაგრძელდა და მენეჯერმა ხვიჩა კვარაცხელიასთან გამართული დიალოგი გაიხსენა, სადაც პარი სენ-ჟერმენის ქართველმა ვარსკვლავმა ბავშვობის მწვრთნელს პირობა მისცა.

""ის შემპირდა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვების შემთხვევაში, თასს თბილისში ჩამოიტანს. ჩემს ოფისში დავსხდებით და თასიდან ქართულ ღვინოს დავლევთ", - თემურ უგრეხელიძე.

სხვა სტატიები