"რომას ინტერესი გიორგი მიქაუტაძის მიმართ დადასტურდა" - Romapress
"რომას" ინტერესი გიორგი მიქაუტაძის მიმართ დადასტურდა, ინფორმაციას Romapress აქვეყნებს. დედაქალაქური კლუბი შეტევაში გაძლიერებას გეგმავს და გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 23 წლის ქართველი ფეხბურთელი დე როსის გუნდისთვის ერთ-ერთი ვარიანტია.
ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერზე მრავალი წყარო წერს, მათ შორის ერთ-ერთი ფრანგული გამოცემა Le10Sport-ია, რომელმაც იტალიური კლუბის ინტერესი დაადასტურა.
სტატიაში აღნიშნულია, რომ გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 25-30 მილიონ ევროს შეადგენს.
"მეცის" ფორვარდს მრავალ კლუბს უკავშირებენ, მაგრამ "მონაკო" ამჟამად ფავორიტია, ასევე არის ვარიანტი, რომ ქართველი ფეხბურთელი "ვესტ ჰემის" ან "ლანსის" რიგებში ვიხილოთ.
Roma’s interest in Georges Mikautadze confirmed https://t.co/BQVjxj9LVE
— RomaPress (@ASRomaPress) July 9, 2024
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიაუტაძემ ევრო 2024-ზე შესანიშნავად იასპარეზა, ქართველმა ფეხბურთელმა 4 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა. ის კოდი გაკპოსთან ერთად ტურნირის თანაბომბარდირია.