ლიონის ვეტერანი მეკარე: "ლაკაზეტს იმუნიტეტი არ უნდა იცავდეს, ძირითადში მიქაუტაძის ადგილია"
1 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
მედიაში აქტიურად საუბრობენ იმის შესახებ, რომ საქართველოს ნაკრების ცენტრალური თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე მალე "ლიონში" ძირითადი შემადგენლობის წევრი გახდება.
"ლილთან" მატჩში ალექსანდრ ლაკაზეტმა თავისი გუნდის ქომაგების გახარება ვერ მოახერხა, ამავე დროს კი "ლიონის" სულ უფრო მეტ გულშემატკივარს მის ნაცვლად, ძირითად შემადგენლობაში გიორგი მიქაუტაძის ხილვა სურს.
ახალი სეზონის დაწყების შემდეგ, ლიგა 1-ში ალექსნდრ ლაკაზეტმა მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხა, ხოლო სტატისტიკის გაუმჯობესების შესაძლებლობა "ლილთან" თამაშის დროს ხელიდან გაუშვა. რაიან შერკის გარჯის შემდეგ, ლაკაზეტს ლუკა შევალიეს კარის აღება შეეძლო, მაგრამ მომენტი ვერ გამოიყენა. ამავე დროს, უფრო მეტი ქომაგი ელოდება, რომ ძირითად შემადგენლობაში გიორგი მიქაუტაძე დადგეს, რომელმაც "ოსერთან" დუბლის შესრულება მოახერხა.
იგივე აზრზეა "ლიონის" ვეტერანი მეკარე და ამჟამად გუნდის კონსულტანტი ნიკოლას პუიდებუა, რომელიც მიიჩნევს, რომ სასტარტო თერთმეტეულში ქართველმა ფეხბურთელმა უნდა ითამაშოს",
- წერს foot01.
რაც შეეხება თავად მეკარეს, რომელზეც foot01 საუბრობს, მისი კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით ასეთია: "ლაკაზეტი სათადარიგოთა სკამზე უნდა გადაჯდეს. მიუხედავად ყველა იმ თვისებისა, რომელიც მას გააჩნია და რაც გუნდისთვის გააკეთა, თუ "ლიონი" ძლიერი და გამართული გუნდია, მაშინ ლაკაზეტს იმუნიტეტი არ უნდა იცავდეს.
სათადარიგოთა სკამზე არავინ რომ არ გვყავდეს, მაშინ სხვანაირად ვისაუბრებდი, მაგრამ ჩვენ გვყავს გიორგი მიქაუტაძე, სულ ცოტა ხნის წინ დუბლის ავტორი, რომელიც გუნდში გარდამავალი ცვლილებებისთვის მოვიდა. მას აქვს რეალურად ძლიერი მხარეები და ვფიქრობ, პიერ საჟს უპრობლემოდ შეუძლია, რამდენიმე მატჩში ალექსანდრ ლაკაზეტი გიორგი მიქაუტაძით ჩაანაცვლოს" -
გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც სადებიუტო გოლები "ოსერთან" გაიტანა, "ლილთან" მატჩში სათადარიგოთა სკამზე იყო და მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა. "ლიონი" შემდეგ მატჩს 8 ნოემბერს, ევროპა ლიგაზე "ჰოფენჰაიმთან" სტუმრად გამართავს.