Belive

როგორ ფორმაში ხვდება ლუქსემბურგის ნაკრები საქართველოსთან მატჩს?

1 თვის წინ ქართული სპორტი
13 წთ

უეფას ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე მოსახვედრად საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ორი მატჩის მოგება სჭირდება. ჯერ საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში, ლუქსემბურგთან გამარჯვება, შემდეგ კი, ფინალში გასვლის შემთხვევაში, საბერძნეთისა და ყაზახეთის წყვილში მოგებულის ძლევა. ორივე ეს მატჩი თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ უნდა გაიმართოს.

ნახევარფინალური შეხვედრის წინ, კარგი იქნება, გადავხედოთ ლუქსემბურგის ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელების სათამაშო ფორმას, უფრო კონკრეტულად კი, მათ მიერ, გასული სათამაშო კვირის განმავლობაში დაფიქსირებულ შედეგებს და იმას თუ როგორი ფიზიკური და სათამაშო ფორმით და ასევე, ფსიქოლოგიური განწყობით იწყებენ შეკრებას.

მეკარეები

ანტონი მორისი ბელგიის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდის, „როიალ უნიონ სენტ-ჟილის“ მეკარე გახლავთ. ეს გუნდი რანგით ყველაზე მაღალ ლიგაში რამდენიმეწლიანი ჩავარდნის შემდეგ დაბრუნდა და ტიტულის კიდევ ერთხელ მოპოვებასაც ცდილობს. გუნდი რამდენიმე წელია ევროპულ ტურნირებზე დაბრუნებას და იქ წარმატებულ გამოსვლას ახერხებს, ჩემპიონობასთან კი რამდენჯერმე ახლოს იყო, ხოლო წელს ამის საუკეთესო შანსი აქვს. 30-ე ტურში, მათ მოქმედ ჩემპიონ „ანტვერპენთან“ სტუმრად, ფრედ (1:1) ითამაშეს და სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქულა აიღეს, რადგან „ანტვერპენი“ სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა. მიმდინარე გათამაშების ლიდერმა ამის შემდეგ უახლოეს მდევარ „ანდერლეხტთან“ 7-ქულიანი უპირატესობა მიიღო. რაც შეეხება თავად 33 წლის მეკარეს, ანტონი მორისმა მატჩი კაპიტნის რანგში, ძირითადი შემადგენლობიდან და სრულად ჩაატარა.

ტიაგო პერეირა კარდოსო 17 წლის მეკარეა და მიუნხენგლადბახის „ბორუსიას“ 19-წლამდელთა გუნდის რიგებში თამაშობს. გერმანიის 19-წლამდელთა ბუნდესლიგის დასავლეთ ზონის გათამაშების გასულ ტურში, ის სათადარიგოთა სკამზე იყო. ზოგადად, მას ხშირი სათამაშო პრაქტიკა აქვს და ხსენებულ ჩემპიონატში, ამ სეზონში 12-ჯერ ითამაშა, თუმცა, როგორც ჩანს, მწვრთნელებმა სანაკრებო მატჩის წინ, წარმოშობით პორტუგალიელი ფეხბურთელის დასვენება გადაწყვიტეს. რაც შეეხება გუნდს, „ბორუსია“ 35 ქულით ცხრილში მეოთხე ადგილზეა. ორი საუკეთესო გუნდი ბრძოლას ჩემპიონობისთვის აგრძელებს.

რალფ შონი ასევე გამოცდილი, 34 წლის მეკარეა და შიდა ჩემპიონატში თამაშობს. 21-ე ტურში მან „ვილცის“ შემადგენლობაში სასტარტო თერთმეტეულიდან და სრულად ითამაშა. მისმა გუნდმა „ვიქტორია რასპორტთან“ ფრედ (2:2) ითამაშა, თავად კი ყვითელი ბარათი მიიღო. გუნდი 22 ქულით მე-12 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 1 საფეხურით უსწრებს.

Anthony Moris - Player profile 23/24 | Transfermarkt

მცველები

მაქსიმ შანო საფრანგეთის ლიგა 2-ის წარმომადგენელ „აიაჩოში“ თამაშობს, რომელმაც ზედიზედ სამი მატჩი წააგო და ხუთი შეხვედრაა არ მოუგია. უშუალოდ გასულ ტურში მათ „პარიზთან“ სტუმრად (0:2) წააგეს, 34 წლის ლუქსემბურგელმა ცენტრალურმა მცველმა კი ძირითად შემადგენლობაში, შეუცვლელად ითამაშა. „აიაჩო“ 29 ტურის შემდეგ 38 ქულით მე-12 პოზიციაზეა.

ელდინ ჯოგოვიჩი 20 წლის მცველია, რომელიც „მაგდებურგის“ აკადემიის გუნდებიდან მთავარ გუნდში დააწინაურეს. მეორე ბუნდესლიგის 26-ე ტურში ის გუნდის განაცხადში არ ყოფილა და საერთოდ, ამ სეზონში ერთადერთხელ აქვს ნათამაშები, თუმცა მისმა გუნდმა ბუდუ ზივზივაძის „კარსლრუესთან“ (0:7) წააგო, ქართველმა თავდამსხმელმა კი დუბლი შეასრულა და საგოლე პასი გააკეთა.

იენს ლორენი მესამე ბუნდესლიგის „მანჰეიმში“ თამაშობს. 31 წლის მცველმა 31-ე ტურის მატჩში მოედანზე 31 წუთი გაატარა, მისმა გუნდმა კი რამდენიმე წლის წინ ბუნდესლიგაში მყოფ „არმინია ბილფილდს“ (1:0) მოუგო. ის ლუქსემბურგის ნაკრების კაპიტანია. მისი გუნდი მე-17 ადგილზე, გასავარდნ ზონაში იმყოფება.

სეიდ კორაცი „ვოივოდინას“ 22 წლის ახალგაზრდა მცველია და გურამ გიორბელიძის თანაგუნდელი გახლავთ. მან „ნოვი პაზართან“ (1:0) მოგებულ მატჩში სრულად ითამაშა, 8.1 შეფასება დაიმსახურა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. მისი გუნდი სერბეთის ჩემპიონატის ზედა 8 გუნდს შორის არის და საჩემპიონო ზონაში იმყოფება.

ენეს მაჰმუტოვიჩმა ბულგარეთის ჩემპიონატის 25-ე ტუტრის შეხვედრაში სოფიის „ცსკა-ის“ (4:0) პლოვდივის „ბოტევთან“ მოპოვებულ გამარჯვებაში სრულფასოვნად თამაშით შეიტანა წვლილი. 26 წლის ფეხბურთელის გუნდი ზედიზედ სამი გამარჯვების შემდეგ 54 ქულით მესამე პოზიციას იკავებს და ლიდერ „ლუდოგორეცს“ 3 ქულით ჩამორჩება, რომელსაც ერთი შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული.

მარვინ მარტინსს ტრავმა აქვს და მისი თამაში საქართველოს ნაკრებთან მატჩში სათუოა. 29 წლის მცველმა ვენის „აუსტრიას“ გასული სამი მატჩი გამოტოვა. რაც შეეხება თავად გუნდს, მათ ეს სამი მატჩი არ წაუგიათ, გასავარდნ ჯგუფში 17 ქულით მეშვიდე პოზიციას იკავებენ და კონფერენს ლიგის საგზურისთვის ბრძოლის შანსი აქვთ.

მიკა პინტო არნემის „ვიტესის“ ძირითადი შემადგენლობის მცველი გახლავთ. 30 წლის ფეხბურთელმა გასულ ტურშიც, სასტარტო თერთმეტეულიდან თამაში დაიწყო და მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე შეცვალეს. არნემელებმა „ალმერე სიტისთან“ უგოლო ფრე ითამაშეს და 17 ქულით მე-17 ადგილზე იმყოფებიან, რაც გასავარდნი ზონაა.

ვაჰიდ სელიმოვიჩი ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ჩემპიონატში თამაშობს და კერძოდ „ზელეზნიჩარის“ მცველია. მისი გუნდი არც ისე კარგ ფორმაშია, გასული 10-დან ერთადერთი მატჩი მოიგო, თავად 26 წლის ფეხბურთელმა კი ამ მატჩებში ოთხი ყვითელი ბარათი მიიღო და „ჟრინსკისთან“ თასზე ფრედ ნათამაშები შეხვედრაც გამოტოვა. გასულ ტურში, მათ მეორეადგილსან „ჟრინსკისთან“ (0:2) წააგეს. გუნდი 23 ქულით მე-10 ადგილზეა და გასავარდნ ზონას მინიმალური საფეხურით უსწრებს.

Marvin Martins - Player profile 23/24 | Transfermarkt

ნახევარმცველები

ლეანდრო მარტინს ბარეირო „ბოხუმთან“ გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 26-ე ტურის შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში იყო და 90 წუთის განმავლობაში ითამაშა, მისმა „მაინცმა“ კი „ბოხუმს“ (2:0) მოუგო. სატურნირო ცხრილში ერთ-ერთ უშუალო კონკურენტთან გამარჯვების მიუხედავად, გუნდი 19 ქულით მე-16 ადგილზეა და გასავარდნ ზონაში იმყოფება, ხოლო „ბოხუმს“ 6 ქულით უსწრებს. 24 წლის ფეხბურთელის ახალი სეზონიდან ლისაბონის „ბენფიკაში“ ტრანსფერს ვარაუდობენ.

ფლორიან ბოჰნერი 26 წლის ნახევარმცველია, რომელიც საფრანგეთის ლიგა 2-ის კიდევ ერთი წარმომადგენელი გახლავთ. მან „სენტ-ეტიენთან“ საშინაო კედლებში (0:4) წაგებულ მატჩში „ბასტიას“ შემადგენლობაში სრულად ითამაშა. მისმა გუნდმა გასული ხუთი მატჩიდან ერთადერთი მოიგო და 29 ჩატარებულ მატჩის შემდეგ 33 ქულით (გუნდს 1 ქულა დაკლებული აქვს) მე-16 ადგილზეა და გასავარდნი ზონიდან მხოლოდ ერთი საფეხურით მაღლა იმყოფება.

ლარს გერსონს ნორვეგიის ჩემპიონატის ფორმატიდან და იქიდან გამომდინარე, რომ ახალი სეზონი ჯერ არ დაუწყია, ოფიციალურ მატჩში 2023 წლის 32 დეკემბრის შემდეგ არ უთამაშია, გასული მატჩი კი, როცა 34 წლის ნახევარმცველი „კონსვინგერის“ შემადგენლობაში მოედანზე გავიდა, 2 მარტს, „ბრინესთან“ ამხანაგური, ფრედ დასრულებული შეხვედრა (2:2) გახლავთ.

კრისტოფერ მარტინს პერეირა წარმოშობით კაბო ვერდელი ფეხბურთელია, რომელიც 27 წლის გახლავთ და აქამდე საკმაოდ კარგ გუნდებში, მათ შორის ფრანგულ ლიონის „ოლიმპიკსა“ და „ტრუაში“ და შვეიცარიულ „იანგ ბოიზში“ უთამაშია, ახლა კი მოსკოვის „სპარტაკში“ ირიცხება. მან 14 მარტს, რუსეთის თასზე „ორენბურგთან“ (3:1) მოგებულ მატჩში მოედანზე 17 წუთი გაატარა, მისი გუნდი კი შემდეგ ეტაპზე გავიდა.

მათიას ოლესენი სხვა ბევრი თანანაკრებელის მსგავსად, წარმოშობით ლუქსემბურგიდან არ გახლავთ და გვარითაც მიხვდებით, რომ დანიური ფესვებისაა. 22 წლის ფეხბურთელი „კიოლნის“ აკადემიის აღზრდილია და გერმანული გუნდიდან შვეიცარიულ „ივერდონში“ იჯარის წესით თამაშობს. 16 მარტს „შვეიცარიის“ ჩემპიონატში „ლუგანოსთან“ (2:0) წაგებულ მატჩში მოედანზე მეორე ტაიმში შემოვიდა. მისი გუნდი 28 ტურის შემდეგ მერვე ადგილზეა და გასავარდნ ჯგუფში მოხვედრის ერთ-ერთი კანდიდატია.

ოლივიე ტილი თურქეთის მეორე ლიგაში მოთამაშე „ეიურპსპორიდან“ 2024 წლის 19 თებერვალს ამჟამად უკრაინის პრემიერ ლიგის ცხრილის შუაში მყოფ „ჩერკაშის“ შემადგენლობაში გადაბარგდა. 27 წლის ფეხბურთელმა გადასვლის შემდეგ ოთხიდან ორ მატჩში ითამაშა, გასულ ტურში კი, 12 მარტს, „დნიპრო 1-თან“ ფრედ ნათამაშებ მატჩში (1:1) განაცხადში არ იყო. მის გუნდს 20 ჩატარებული მატჩის შემდეგ 25 ქულა აქვს და მერვე პოზიციაზე იმყოფება.

სებასტიან ტილი ოლივიეს და ვინსენტის ძმა გახლავთ. ის ამჟამად 30 წლის ფეხბურთელია და პოლონეთის რანგით მეორე ლიგის „სტალ რჩეჟოვში“ თამაშობს, მაგრამ თავის დროზე ტირასპოლის „შერიფს“ ლიდერობდა, მადრიდის „რეალს“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, სტუმრად, გამარჯვების გოლი გაუტანა და შემდეგ მეორე ბუნდესლიგაში, „ჰანზა როსტოკში“ გადაბარგდა. ერთ-ერთმა საუკეთესო ლუქსემბურგელმა ფეხბურთელმა პოლონეთის რანგით მეორე ლიგის გასულ ტურში გუნდს 7-მატჩიანი მოუგებელი სერიის დასრულებაში საგოლე პასით დახმარება გაუწია. მისი გუნდი 24 ტურის შემდეგ მე-14 პოზიციას იკავებს.

On a rollercoaster career, Sheriff's Thill provides late thrill

თავდამსხმელები

ალესიო კურცი 22 წლის თავდამსხმელია და ბელგიის ჩემპიონატის რანგით მეორე ლიგის „ფრენკ ბორაინსში“ თამაშობს, სადაც „მაინცის“ აკადემიიდან გადავიდა. გასულ ტურში მან „დეინძესთან“ (2:1) მოგებულ მატჩში 6 წუთის განმავლობაში ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო. რაც შეეხება გუნდს, მათ მე-12 პოზიცია უკავიათ და მთავარი ამოცანა ჩემპიონატში ადგილის შენარჩუნებაა.

აიმან დარდაი კიდევ ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელია. 18 წლის ფეხბურთელი წარმოშობით მაროკოდანაა და „მაინცის“ აკადემიის ფეხბურთელი გახლავთ. მან უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე მიმდინარე სეზონში სულ 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლის გატანა მოახერხა, გუნდმა კი მეოთხედფინალში მიაღწია და იქ „პორტუსთან“ (1:4) წააგო (იმ მატჩში მთავარი მსაჯი გიორგი კიკაჩეიშვილი, ხოლო გვერდითი არბიტრები დავით ახვლედიანი და დავით გაბისონია გახლდნენ). მან პორტუგალიურ გუნდთან 90 წუთის განმავლობაში სრულად ითამაშა.

დავიდ ჯონათანსი 20 წლის გახლავთ და ნიდერლანდური წარმოშობისაა. 2020 წელს „ესპერანჟიდან“ მიუნხენის „ბაიერნის“ აკადემიაში გადასული ფეხბურთელი ამჯერად „რეკორდმაისტერის“ სარეზერვო გუნდის წევრია. ბავარიის რეგიონალური ლიგის ამ სეზონში მას 18 მატჩში 2 გოლი და 2 საგოლე პასი აქვს, „მემინგემთან“ გასულ მატჩში კი მას არ უთამაშია. „ბაიერნმა“ შეხვედრა (4:0) მოიგო, რაც შეეხება სატურნირო მდგომარეობას, გუნდი მეშვიდე პოზიციას იკავებს.

ედვინ მურატოვიჩი ის ერთადერთი ფეხბურთელია ლუქსემბურგის ნაკრების განაცხადში, რომელმაც ნაკრებში ჩასვლამდე გოლის გატანა მოახერხა. პოლონეთის რანგით მეორე ლიგის გასულ ტურში, „რესოვია რჩეზოვში“ იჯარის წესით („რასინგ უნიონ ლუქსემბურგიდან“) მყოფმა 27 წლის თავდამსხმელმა „ტერმალიკას“ (4:1) მოგებულ მატჩში გოლი გაუტანა და მსაჯმა მას ყვითელი ბარათიც უჩვენა. რაც შეეხება წარმოშობით მონტენეგროელი ფეხბურთელის გუნდს, მათი მონაგარი მე-15 სატურნირო პოზიცია და გასავარდნ ზონასთან ერთი საფეხურით მაღლა ყოფნაა.

ჟერსონ როდრიგეში წარმოშობით პორტუგალიელი გახლავთ და მას ქართველი გულშემატკივარი კარგად იცნობს. ლუქსემბურგის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილ ბრატისლავის „სლოვანში“ გურამ კაშიას და ჯაბა კანკავას თანაგუნდელი გახლავთ. კიევის „დინამოდან“ იჯარის წესით გადმობარგებულმა ფეხბურთელმა 8 მატჩში 5 გოლის გატანა და 1 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა, ხოლო გასულ ტურში „ტრნავასთან“ წაგებულ (0:2) მატჩში ის საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავკაცმა დაასვენა. „სლოვანი“ უახლოეს მდევარ „ტრნავას“ 15-ქულით უსწრებს და მე-14 ჩემპიონობას უახლოვდება.

Sebavedomý útočník Slovana Rodrigues: Môj cieľ je byť najlepším strelcom  súťaže, s Grazom to môžeme otočiť - Fortuna liga - Futbal - Športweb

სხვა სტატიები