Belive

რამდენ მედალს აიღებს საქართველო?! - Sports Illustrated-მა ოლიმპიადის მედალოსნები იწინასწარმეტყველა

4 თვის წინ ქართული სპორტი
2 წთ

"Sports Illustrated" მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპორტული გამოცემაა, რომელმაც ფუნქციონირება 1954 წელს ამერიკაში დაიწყო. ეს იყო პირველი ჟურნალი ისტორიაში, რომლის ტირაჟიც მილიონზე მეტი იყო და 2-ჯერ მოიგო ეროვნული ჟურნალის ჯილდო.

სწორედ ამ სპორტულმა გამოცემამ, პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის მედალოსნები იწინასწარმეტყველა, სადაც ქართული დელეგაციის სპორტსმენებიც მოხვდნენ.

მოდით დავიწყოთ და დეტალურად მივყვეთ სპორტის იმ სახეობებს, რომელშიც "Sports Illustrated"-მა ქართველი სპორტსმენების მედლები იწინასწარმეტყველა.

ფარიკაობა

ცნობილი ამერიკული სპორტული გამოცემის წინასწარმეტყველებით, ფარიკაობაში, სანდრო ბაზაძე ბრინჯაოს მედალს დასჯერდება.

ძიუდო

"Sports Illustrated"-მა, როგორც სავარაუდო იყო, ყველაზე მეტი მედალი სწორედ ძიუდოში მოგვაგებინა.

60 კგ წონით კატეგორიაში, ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონობა უწინასწარმეტყველა გიორგი სარდალაშვილს, ოქროს მედალი კი ფრანცისკო გარიგოსს არგუნა.

81 კგ წონით კატეგორიაში, ოლიმპიური ჩემპიონობა უწინასწარმეტყველეა ტატო გრიგალაშვილს, ვერცხლის მედალი კი მატიას კასეს დაუტოვა.

ასევე ოლიმპიური ჩემპიონობა უწინასწარმეტყველა ლაშა ბექაურს, რომელიც 90 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებს.

100 კგ წონით კატეგორიაში კი, ბრინჯაოს მედალი მოაგებინა ილია სულამანიძეს.

ძალოსნობა

ალბათ არავის გაუკვირდება ძალოსნობაში, კერძოდ კი 102+ წონით კატეგორიაში, ოქროს მედლის მთავარი ფავორიტად რომ ლაშა ტალახაძე ჰყავთ გამოყვანილი.

აქვე შეგახსენებთ, რომ 2015 წლიდან დღემდე, ტალახაძე ორ ოლიმპიადაზე და შვიდ მსოფლიო ჩემპიონატზე დაუმარცხებელია.

თავისუფალი ჭიდაობა

ცნობილმა ამერიკულმა გავლენიანმა გამოცემამ, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, ვერცხლის მედალი უწინასწარმეტყველა გენო პეტრიაშვილს. ოქროს მედლის მთავარი ფავორიტი კი ირანელი - ამირ ჰოსეინ ზარეა.

შეგახსენებთ, რომ 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით, საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი, ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს, რომელშიც საქართველო 28 სპორტსმენით წარდგება.

სხვა სტატიები