რამაზ სვანაძე: "აქამდე უამრავი ადამიანის შრომით, ერთიანობით და ჩვენი სტილით მოვედით, რასაც არ გადავუხვევთ"
1 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
უეფას 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის გადამწყვეტ მატჩებში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ხორვატიას შეხვდება. ორმატჩიანი ორთაბრძოლის საწყის შეხვედრას თბილისი, 15 ნოემბერს უმასპინძლებს.
მატჩის წინ, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ, პრესკონფერენციაზე მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.
"ეს მატჩი ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, მეტოქეს პატივს ვცემთ, მაგრამ გვინდა, რომ გავიმარჯვოთ და ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა წარმატებამდე მივიყვანოთ.
გუნდში ძალიან კარგი განწყობაა. შემადგენლობა განახლებული გვყავს, არიან ფეხბურთელები, რომლებსაც ამ დონის, რანგის, წნეხისა და დატვირთვის მატჩის ჩატარება კარიერაში სადებიუტოდ მოუწევთ. ამის მიუხედავად, გვაქვს ის სულისკვეთება და გუნდური ძალა, რომელმაც აქამდე მოგვიყვანა და იმედი მაქვს, ეს წარმატების მიღწევაში დაგვეხმარება.
გაბრიელ სიგუას საკმაოდ დიდი დრო გაუცდა და ამის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახლა ის ფორმაშია და სათამაშოდ მზად არის.
როგორც ახალგაზრდულ, ისე დიდ ევროპის ჩემპიონატზე გულშემატკივრის ძალა საკუთარ თავზე გამოვცადეთ და ვთხოვ მათ, რომ ამ მატჩშიც მოვიდნენ და მხარი დაგვიჭირონ.
ირაკლი აზაროვის ტრავმა სერიოზული არ არის და ის ხორვატიასთან შეხვედრაში სათამაშოდ მზად იქნება.
დაჩი ლორთქიფანიძეს საქართველოს ნაკრების ასაკობრივ სტრუქტურაში ხანგრძლივი დრო აქვს გატარებული და ყველა ნაკრებში უთამაშია. ახლა ის ჩვენი გუნდის წევრია, მას ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს.
მიხარია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და ჩვენს სამწვრთნელო გუნდს ორმხრივი ინტერესი გვაქვს და კონტრაქტი გავახანგრძლივეთ. იმ შედეგებს, რომელსაც ერთად მივაღწიეთ, წინ უამრავი ადამიანის დიდი შრომა უძღვის.
არ ვაპირებთ, რომ ჩვენს სათამაშო სტილს და იმ გეგმას ვუღალატოთ, რომელმაც აქამდე მოგვიყვანა. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ორმატჩიანი გადამწყვეტი ეტაპია და შესაბამისად ვიმოქმედოთ. ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავს, მაგრამ შევეცდებით, რომ ჩვენს გეგმას არ გადავუხვიოთ და ჩვენი სტილით ვითამაშოთ და ორი შეხვედრის შემდეგ სასურველი შედეგი მივიღოთ", - ამბობს რამაზ სვანაძე.
საქართველოს ნაკრები ხორვატიას 15 ნოემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შეხვდება.