Belive

რამაზ სვანაძე: "მატჩისთვის მზად ვართ, დანარჩენს მოედანზე ვიხილავთ"

3 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

სექტემბრის თვეში, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ორ მატჩს გამართავს.

თვის საწყისი შეხვედრა ბათუმში გაიმართება და აქ რამაზ სვანაძის გაწვრთნილი გუნდი მოლდოვას შეხვდება.

მატჩის წინ, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ ისაუბრა.

"წინ ძალიან საინტერესო მიკრო ციკლი გველოდება, რომელიც ოთხ მატჩს მოიცავს. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ყველა მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის. ეს იქნება მატჩები, რომლებშიც ჩვენ შედეგთან ერთად, მენტალური მზადყოფნა დაგვჭირდება, რაც სამომავლო წარმატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

მოლდოვის ნაკრებს ძალიან კარგად ვაფასებთ და ვიცით, რომ გასულ პერიოდში საკმაოდ ნორმალური შედეგები აჩვენეს. მოსამზადებლად არც ისე დიდი დრო მოგვეცა, მაგრამ პროდუქტიულად გამოყენებას შევეცადეთ.

მე მწამს ჩვენი ფეხბურთელების, ერთად დიდი ხანია მოვდივართ და გვიხარია, რომ ეს წარმატებული სვლა გრძელდება. ეს ძალიან კარგი და დადებითი ამბავია და ამის გამო მე ყოველთვის ყველას მადლობელი ვარ. ახლა მთავარი მომდევნო მატჩია. ვფიქრობ მზად ვართ, დანარჩენი, ყველაფერი მოედანზე გამოჩნდება.

ბათუმში თამაში ყოველთვის ძალიან გვიხარია. ამ ლამაზ ქალაქსა და სტადიონზე თამაში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გულშემატკივარს მინდა ვთხოვო, რომ მოვიდნენ და მხარი დაგვიჭირონ, იმიტომ, რომ ჩვენ ცარიელი ტრიბუნების წინაშე და ისეთ გარემოში, როცა ქომაგები მხარს გვიჭერენ, განსხვავებული გუნდები ვართ", - ამბობს რამაზ სვანაძე.

საქართველოს ნაკრები მოლდოვას 5 სექტემბერს შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები