რამაზ სვანაძე: "ისეთ სისტემას ვამუშავებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია მთელმა გუნდმა შეცვალოს"
6 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რამაზ სვანაძე უეფას ერთა ლიგის 2026/2027 წლების სეზონის B დივიზიონის ჯგუფური ეტაპის მესამე დასკვნითი ტურების მატჩების წინ პრესკონფერენცია გამართა. ქართველმა მწვრთნელმა უნგრეთთან და უკრაინასთან მოახლოებული მატჩების, ასევე ნაკრების დებიუტატებისა და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ ისაუბრა.
"მნიშვნელოვანია, უახლოეს შეხვედრებში რა შედეგს მივაღწევთ. ეს პირველი შეკრებაა, სადაც ჩვენი იდეები შეგვიძლია გავუზიაროთ მოთამაშეებს.
ხვიჩა კვარაცხელია და ოთარ კიტეიშვილი ძალიან დაგვაკლდებიან, მაგრამ ეს სხვა მოთამაშეებისთვის შანსია. გიორგი წიტაიშვილს რაც შეეხება, კარგია რომ მრავალ პოზიციაზე თამაშის უნარი აქვს. ის, თუ რომელ პოზიციაზე ითამაშებს, იმის მიხედვით გადაწყდება, რა სათამაშო სისტემას ავირჩევთ.
საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი ოთარ კაკაბაძეა და უახლოეს შეხვედრებში ნაკრებს ის უკაპიტნებს.
ჩვენს მიერ ჩატარებული წინა შეხვედრები გავაანალიზეთ. ახლა იწყება ახალი გუნდის ფორმირება. ვიცით, რომ რთული მატჩები იქნება და გაგვიჭირდება, მაგრამ ჩვენს გუნდს ყოველთვის ჰქონდა ხასიათი და ამის იმედი გვაქვს.
ნიკა კვეკვესკირი და გურამ კაშია რა თქმა უნდა სამწვრთნელო გუნდში მუშაობას აგრძელებენ. ახალგაზრდული ნაკრებიდან კი გიორგი ადამია შემოგვიერთდება.
ნოდარ ყალიჩავას კარგი სეზონი აქვს და ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ კონკურენციისთვის საჭირო იყო მისი მოწვევა. კერესელიძე კარგი მეკარეა, მაგრამ კონკურენცია უნდა იგრძნოს ყველამ. გიორგი მაისურაძეს რაც შეეხება, იგივეს ვიტყვი, მარჯვენა ფლანგზე კონკურენცია გვჭირდება. გიორგი მოისწრაფიშვილს მაღალი სათამაშო ინტელექტი აქვს. მისი პრობლემა ფიზიკური მომზადება იყო, მაგრამ სლოვაკეთში ამ კუთხით მოუმატა და თუ კიდევ მოუმატებს, ჩვენს ნაკრებს ძალიან კარგი მოთამაშე შეემატება.
ირაკლი აზაროვი მზადაა სათამაშოდ, ტრავმის შემდეგ ითამაშა და ისეთ ფეხბურთელია, რომელიც ძალიან გვჭირდება. ირაკლი აზაროვს დიდი შეტევითი პოტენციალი გააჩნია. ჩვენ პრესინგიდან გამოსვლაში პრობლემები გვქონდა და ასეთი მოთამაშე საჭიროა. მთავარია, მზად არის თუ არა ორჯერ 90 წუთი ითამაშოს. საბა ხარებაშვილი სამწუხაროდ ტრავმირებულია და ვერ მოვიწვიეთ. ხვიჩა კვარაცხელიას ამბავი ჩვენთვის დიდი დარტყმა იყო.
თუმცა ეს ფეხბურთია, ყველა მის გვერდით ვართ და მჯერა, კიდევ უფრო ძლიერი დაგვიბრუნდება. კვარაცხელიას შემცვლელის საკითხს კი არ განვიხილავთ, არამედ ისეთ თამაშს, სადაც მას გუნდი შეცვლის.
სანდრო ნარიმანიძემ თუ ასე განაგრძო, მალე ნაკრების მაისურს მოირგებს. ახლა კი უფრო გამოცდილები მოვიწვიეთ.
საბა გოგლიჩიძის პროგრესი მახარებს და ვისურვებდი, ასე გააგრძელოს. ლუკა გადრანი და გურამ გიორბელიძე? ორივე სარეზერვო სიაში არიან. სია ისეა დაკომპლექტებული, 3-მცველიან სისტემაში ფლანგზე აზაროვი და წიტაიშვილი გვყავს. ეს გამოწვეულია კონკურენციით და იგივეს ვიტყვი გადრანის შემთხვევაში, აქ მათი ასაკი არაფერ შუაშია", - ამბობს რამაზ სვანაძე.
საქართველოს ნაკრები ნოემბერში ორ შეხვდრას გამართავს: 14 რიცხვში უნგრეთთან საშინაო კედლებში, 17-ში კი სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში უკრაინასთან.