Belive

რა შემთხვევაში მოვხვდებით მსოფლიოს საუკეთესო 8 გუნდს შორის

8 თვის წინ ქართული სპორტი
3 წთ

საკალათბურთო სამყაროში, 4 წლის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული ტურნირი - მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც საქართველოს ნაკრები ისტორიის განმავლობაში პირველად იღებს მონაწილეობას. 

საბედნიეროდ, ჩვენმა კალათბურთელებმა პირველი ჯგუფური ეტაპის დაძლევა უკვე მოახერხეს. ჯგუფურ ეტაპზე 3 ჩატარებული მატჩიდან, 2 ჩვენი გამარჯვებით დასრულდა, ერთადერთი მატჩი კი სლოვენიის წინააღმდეგ დავთმეთ. 

ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა მეორე ჯგუფურ ეტაპზე გადაინაცვლა, სადაც ერთმნიშვნელოვნად რთული და ამოუცნობი მდგომარეობაა. 

განვიხილოთ რა შემთხვევაში გავა ჩვენი ნაკრები 1/4-ფინალურ ეტაპზე, სადაც მსოფლიოს 8 საუკეთესო ქვეყნის ნაკრები იასპარეზებს. 

მეორე ჯგუფურ ეტაპზე, საქართველოსთან ერთად ავსტრალიის, გერმანიისა და სლოვენიის ეროვნული გუნდები იასპარეზებენ. ჩვენს ნაკრებს 2 თამაშის ჩატარება მოუწევს - პირველ სექტემბერს გერმანიის წინააღმდეგ და 3 სექტემბერს ავსტრალიის წინააღმდეგ. 

ვარიანტი 1 (თუ მოვიგებთ ორივე თამაშს)

თუკი ქართველი კალათბურთელები ორივე შეხვედრას მოიგებენ, არსებობს იმის შანსი, რომ 1/4-ფინალურ სტადიაზე მაინც ვერ კვალიფიცირდნენ და აქვე განვავრცოთ ეს ვარიანტი: მეორე ჯგუფურ ეტაპზე, გუნდებს პირველი ჯგუფური ეტაპის ქულები მოყვებათ, ანუ თუ ჩვენ ორივე თამაშს მოვიგებთ, ჯამში 4 გამარჯვება გვექნება. ამასთან ერთად თუ სლოვენია ავსტრალიას დაამარცხებს, ხოლო შემდეგ გერმანიის წინააღმდეგ დამარცხდება, მეორე ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს, სლოვენიასა და გერმანიას 4-4 გამარჯვება დაუფიქსირდებათ. ასეთ დროს ბურთების შეფარდებით გადაწყდება მომდევნო ეტაპზე გამსვლელი 2 გუნდის ვინაობა, სადაც საქართველოს ნაკრებს უდიდესი დანაკარგის, ანუ სლოვენიასთან 21-ქულიანი მარცხის განეიტრალება მოუწევს, რაც რთულად სავარაუდო, თუმცა რა თქმა უნდა, შესაძლებელია. 

ვარიანტი 2 (თუ მოვიგებთ ერთ თამაშს)

თუ საქართველოს ნაკრები მოუგებს ავსტრალიას და ამავდროულად სლოვენიელები ორივე მატჩში დამარცხდებიან (ავსტრალიასთან და გერმანიასთან), საქართველოს, სლოვენიასა და ავსტრალიას 3-3 გამარჯვება დაუგროვდებათ და ამ შემთხვევაშიც ბურთების შეფარდებით გადაწყდება გამსვლელის ვინაობა - ამ ვარიანტში პირველ ადგილს, რა თქმა უნდა, გერმანია დაიკავებს.

აქვე ისიც აღვნიშნოთ, რომ FIBA-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალიან უცნაურია, ჯგუფური ეტაპის შემდეგ რომ პლეი-ოფის ნაცვლად, გუნდებს მეორე ჯგუფური ეტაპის დაძლევა უწევთ, თანაც იმ ფონზე, რომ პირველ ჯგუფურ ეტაპზე დაფიქსირებული შედეგები მოყვებათ. 

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 1 სექტემბერს, თბილისის დროით 12:30 საათზე, გერმანიას დაუპირისპირდება. ავსტრალიის წინააღმდეგ მატჩი კი 3 სექტემბერს, თბილისის დროით 11:30 საათზეა ჩანიშნული.

სხვა სტატიები