Belive

პრევიუ | სერია A-ს ქართველების დუელი გახსნის - ფროზინონე ნაპოლის უმასპინძლებს

8 თვის წინ ქართული სპორტი
7 წთ

იტალიის სერია A-ს 2023/24 წლების სეზონს ქართველი ფეხბურთელების, გიორგი კვერნაძისა და ხვიჩა კვარაცხელიას დაპირისპირება გახსნის - "ფროზინონე" "ნაპოლის" უმასპინძლებს.

მატჩი, რომელიც 19 აგვისტოს გაიმართება, ცხადია, განსაკუთრებულ ინტერესს ქართული ფეხბურთის გულშემატკივარში იწვევს, თუმცა შეხვედრას ნეიტრალური ქომაგისთვისაც კი, დამაინტრიგებელი აფიშა აქვს, რადგან ერთ მხარეს, სერია A-ში დაბრუნებული "ფროზინონე", ხოლო მეორე მხრივ, ისტორიული ფორმაციის მქონე "ნაპოლია", რომელიც 33-წლიანი პაუზის შემდეგ მესამე სკუდეტოს დაეუფლა.

"ფროზინონეს" იმის დამტკიცება სურს, რომ იტალიური ფეხბურთელის ელიტაში შემთხვევით არ მოხვედრილა და ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდის ამოცანა ჩემპიონის წინააღმდეგ ხმაურიანად დაწყება იქნება. მასპინძელი გუნდი, 3-წლიანი პაუზის შემდეგ, საშინაო კედლებში პირველად სერია A-ს მატჩს გამართავს და ადგილობრივი გულშემატკივრის გახარებას შეეცდება, თანაც მეტოქის სტატუსიდან გამომდინარე, გუნდმა წესით, წნეხის გარეშე და თავისუფლად უნდა ითამაშოს. მიუხედავად, მეტოქის დომინანტური თამაშის სტილისა, სავარაუდოა, რომ შეტევასა და გოლის გატანაზე უარის თქმას მასპინძლები არ აპირებენ და საამისოდ, კონტრშეტევებსა და სტანდარტულ სიტუაციებს უნდა ელოდონ.

"ნაპოლი" ის გუნდია, რომელსაც ბურთის კონტროლი, ფლანგების აქტიურად დატვირთვა და დომინანტური ფეხბურთის ჩვენება უყვარს, ყოველ შემთხვევაში, ეს ლუჩიანო სპალეტის სტილი იყო, რუდი გარსია კი საპორტო ქალაქის გუნდის მიერ აღებული კურსის შეცვლას არ გეგმავს და გვპირდება, რომ კვარაცხელია-ოსიმენის დუეტი ამ სეზონშიც ისეთივე დამანგრეველი იქნება, როგორი ეფექტურობითაც მათ ნეაპოლს წინა სეზონში იტალიის რანგით მესამე ჩემპიონობა, თითქმის ერთი ამოსუნთქვით მოუტანეს.

დასამტკიცებელი ორივე გუნდს ბევრი აქვს. მასპინძლების ამოცანა მკაფიოა: მათ სერია A-ში მხოლოდ ტურისტული მიზნები არ ამოძრავებთ და სურთ, რომ წინა ორი მცდელობისგან განსხვავებით, მესამე ჯერზე ელიტაში ადგილი შეინარჩუნონ.

"ნაპოლის", რომელსაც სეზონის მესამე მესამედი წინა ორთან შედარებით გაცილებით ნაკლებეფექტური გამოუვიდა, რასაც ჩემპიონთა ლიგიდან გამოთიშვა, "მილანთან" მატჩების წარუმატებელი სერია, გუნდის მთავარი დამრტყმელი ძალის ტრავმა და ლუჩიანო სპალეტის მიერ ჩემოდნისკენ ყურება განაპირობებდა, სურს რომ ჩემპიონის სტატუსის გამართლება შეძლოს. გუნდის მიზანი იმის დამტკიცება იქნება, რომ წინა, ფანტასტიკური სეზონი უბრალოდ სასიამოვნო მოულოდნელობა არ ყოფილა და რომ იტალიის სამხრეთში "ახალი ერა" იწყება, რომელიც სტაბილური წარმატების, გუნდის ახალგაზრდა ვარსკვლავების სუპერვარსკვლავებად ქცევის პერიოდი უნდა გამოდგეს. ამას ხომ კლუბის ახალი იდენტობა და მარკეტინგული გზავნილებიც გვპირდება...

ხვიჩა კვარაცხელიასგან "კურთხევის სეზონს" ელოდებიან, როგორც ამას ევროპული მედია ამბობს და გასაგებია, რომ 22 წლის ქართველსაც სურს ყველას დაუმტკიცოს, რომ ერთხელ მომხდარი ფაქტი შემთხვევითობაა, მეორე დამთხვევა, მესამე კი კანონზომიერება...

როგორც მასპინძელი, ისე სტუმარი გუნდისთვის, ამ ყველაფრის ჩვენების საუკეთესო დრო სეზონის პირველი მატჩია, რამდენად გააგრძელებს წარმატებულ სვლას ახალი მწვრთნელის თაოსნობით და დაცვის ლიდერის, კიმ-მინჯეს გარეშე "პართენოპეი", შეძლებს თუ არა გიორგი კვერნაძე ხვიჩა კვარაცხელიას მიერ გაკვალულ გზაზე ნაკვალევის გაყოლას და მოახერხებს თუ არა კიდევ ერთი სამხრეთული კლუბი სერია A-ში ადგილის შენარჩუნებას, ამ კითხვებზე პასუხების მიღებას 19 აგვისტოს, 20:30 საათიდან უნდა ველოდოთ. იტალიური ფეხბურთი ერთგულ გულშემატკივარს ორი ქართველი ტალანტის დუელით უბრუნდება...

 

 

 

"ფროზინონე" - "ნაპოლი"

დრო: 19 აგვისტო, შაბათი, 20:30 საათი

სტადიონი: სტადიო ბენიტო სტრიპე (ფროზინონე)

მსაჯი: მატეო მარეკონე (30 წლის, გენუიდან)

 

ურთიერთშეხვედრების ისტორია

ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული სტატისტიკა ნეაპოლელებს აბსოლუტურ უპირატესობას ანიჭებს, კონკრეტულად, ამ გუნდების დაპირისპირებათა ისტორია სათავეს 2005 წლიდან იღებს, როცა ისინი ერთმანეთს სერია C-ში შეხვდნენ. ლიგის სტატუსი თავად მეტყველებს იმაზე, რომ იმხანად კამპანიის დედაქალაქის გუნდს იდეალური დროება არ ედგა, მაგრამ მათ მეტოქეს ერთი მატჩი - 3:1 მოუგეს, მეორე კი ფრედ - 1:1 დაასრულეს. საბოლოო ჯამში, "ნაპოლიმ" ის გათამაშება პირველი ადგილით დაასრულა და მერე ახალი წარმატების ეპოქა დაიწყო, აი "ფროზინონემ" კი მეორე პოზიცია დაიკავა და პლეი-ოფში გავიდა. მას შემდეგ, გუნდებს შორის ისტორიაში სულ 9 მატჩი გაიმართა, საიდანაც 7 მოიგო და 2 ფრედ დასრულდა - "ფროზინონეს" მეტოქე არასდროს დაუმარცხებია.

რაც შეეხება გატანილ/გაშვებული გოლების ბალანსს ის ასეთია - 25:6 ნეაპოლელთა სასარგებლოდ.

  • "ფროზინონემ" ნაპოლისთან ბოლო ხუთი მატჩი წააგო;
  • "ნაპოლიმ" "ფროზინონეს" ბოლო ოთხ შეხვედრაში ორივე ტაიმი მოუგო;

 

სათამაშო ფორმა

  • "ფროზინონემ" ზაფხულში 4 ამხანაგური მატჩი ჩაატარა, საიდანაც 2 მოიგო, 2 კი ფრედ დაასრულა, რასაც სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩში, იტალიის თასის 1/32-ფინალში "პიზას" წინააღმდეგ - 1:0 გამარჯვება დაემატა;
  • ოფიციალურ შეხვედრებში "ფროზინონეს" 9-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. ამ 9 შეხვედრიდან 4-ში გუნდმა სულ მცირე 3 გოლის გატანა შეძლო, თუმცა ეს სერია B-ს წარმომადგენელი კლუბების წინააღმდეგ გააკეთა;
  • საშინაო კედლებში "ფროზინონე" საკმაოდ კარგად გამოიყურება - ბოლო 20 მატჩიდან მხოლოდ 2 მარცხი და 15 გამარჯვება;
  • "ნაპოლიმ" ზაფხულში 5 ამხანაგური მატჩი ჩაატარა, საიდანაც 3 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა;
  • სამი ოფიციალური მატჩია, რაც "ნაპოლი" არ დამარცხებულა;
  • "ნაპოლიმ" ბოლო 5 სტუმრად ჩატარებული მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო - ტურინში "იუვენტუსთან";

საინტერესო ფაქტები

წინა სეზონში მოქმედმა ჩემპიონმა "ნაპოლიმ" სერია A-ს 38 მატჩიდან 28 მოიგო;

სერია A-ში წინა სეზონში "ნაპოლის" სტუმრად ჩატარებული მატჩების მიხედვით დაგროვილი ქულების საუკეთესო შედეგი ჰქონდა;

ყველა იმ მატჩში, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიამ გოლის გატანა მოახერხა, "ნაპოლიმ" გამარჯვება შეძლო;

 

სავარაუდო შემადგენლობა

"ფროზინონე": ტურატი - ოიონო, რომანიოლი, მონტერისი, მარკიზა, ბრეშანინი, გელი, ბაესი, ბორელი, კვერნაძე. (4-3-3).

"ნაპოლი"მერეტი - დი ლორენცო, ოსტიგორირაჰმანი, ოლივერა, ელმასი, ლობოტკა, ანგისალოზანო, ოსიმენი, კვარაცხელია. (4-3-3).

 

 

როგორ დასრულდება ფროზინონე - ნაპოლის მატჩი?

ფროზინონე მოიგებს
ფრე
ნაპოლი მოიგებს

იქამდე, ვიდრე სერია A განახლდება, კარგი იქნებოდა ეს ქვიზი გეცადა და საფეხბურთო მეხსიერება გაგევარჯიშებინა

სხვა სტატიები