პორტუს ვეტერანი - გორის დილას პორტუგალიელი მწვრთნელი უხელმძღვანელებს
საქართველოს ეროვნული ლიგის წარმომადგენელ გორის "დილას" რუი მოტას შემდეგ კიდევ ერთი პორტუგალიელი მწვრთნელი ეყოლება. გორულ გუნდს პორტუგალიის ნაკრებისა და "პორტუს" ვეტერანი ფეხბურთელი, რიკარდო კოშტა გაწვრთნის.
კარიერის განმავლობაში, 43 წლის სპეციალისტს "ბოავიშტას", "პორტუს", "ვოლფსბურგის", "ლილის", "ვალენსიას", "გრანადას", სალონიკის "პაოკის", კატარული "ალ სალილას", "ლუცერნის" და "ტონდელას" შემადგენლობაში უთამაშია. მან ჟოზე მოურინიოს "პორტუში" ჩემპიონთა ლიგა მოიგო, მის კარიერაში კი სხვა არაერთი ტიტულია.
სამწვრთნელო კარიერაში პირველი ნაბიჯები რიკარდო კოშტამ "ბელენენსესში" პეტიტის ასისტენტად გადადგა, იქამდე კი "ბოავიშტას" სპორტული დირექტორის პოზიცია ეკავა. 2021 წლის ივლისიდან მოყოლებული ის "პორტუს" აკადემიაში მუშაობს და 17 და 19-წლამდელთა გუნდებში წვრთნის.
გორის "დილა" საქართველოს ეროვნულ ლიგაში ჩატარებული 18 ტურის შემდეგ დაგროვებული 39 ქულით, პირველ პოზიციას იკავებს და უახლოეს მდევარ ქუთაისის "ტორპედოს" 4 ქულით უსწრებს.