planetfootball-მა გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ მეკარედ დაასახელა
1 დღის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
planetfootball-მა მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირადღირებული მეკარის ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ნაკრების კარის დარაჯი, გიორგი მამარდაშვილი ლიდერის პოზიციას იკავებს.
ევროპული მედია საშუალება ქართველ ფეხბურთელს 40 მილიონ ევროდ აფასებს, ისევე, როგორც, დორტმუნდის "ბორუსიას", "პორტუსა" და ლონდონის "არსენალის" კარის მცველებს, შესაბამისად, გრეგორ კობელს, დიოგო ჟოტასა და დავიდ რაიას, მაგრამ მიიჩნევს, რომ მამარდაშვილი მათ შორის საუკეთესოა და საწყის პოზიციაზე განიხილავს.
"ჩამონათვალში საწყის პოზიციაზე ქართველი მეკარეა, რომელიც 2025 წლის ზაფხულში "ლივერპულს" შეუერთდება. მას ინგლისურ გრანდთან კონტრაქტი უკვე გაფორმებული აქვს და ჯერ "ვალენსიაში" იჯარის წესით თამაშობს. გასული სეზონნახევრის განმავლობაში ის მეკარის პოზიციაზე ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევა.
მამარდაშვილის თამაშის ხარისხი ევრო 2024-ზე ყველამ დაინახა, როცა ჯგუფური ეტაპის რეკორდი დაამყარა და თავისი ნაკრების მერვედფინალში სასწაულებრივ გასვლაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა.
წინა სეზონში მამარდაშვილი ლა ლიგის საუკეთესო მეკარე გახლდათ და შესაძლებელია, "ენფილდზე" ჩასვლისას ძირითადი შემადგენლობის წევრი გახდეს, მიუხედავად იმისა, რომ იქ ჯერ კიდევ მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული ალისონი დგას.
მამარდაშვილს აქვს ძალიან გრძელი ნახტომი, ბრწყინვალე რეაქცია და გრძელი პასის გაკეთების კარგი უნარი. ამავე დროს, ის ქომაგებისთვის საყვარელი ფეხბურთელია და შეუძლია "ლივერპულის" გულშემატკივრებზე შთაბეჭდილება მოახდინოს", - წერს planetfootball.
გიორგი მამარდაშვილმა "ვალენსიას" შემადგენლობაში ამ სეზონში 23 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლიდან ოთხშიც 24 წლის მეკარემ გოლი არ გაუშვა.