Belive

სამეთვალყურეო ბორდი - ლოკომოტივში მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

2025 წლის სეზონის მეორე ნახევარს საფეხბურთო კლუბი ლოკომიტივი მნიშვნელოვანი ცვლილებებით ხვდება.

კლუბში მფლობელობა და მენეჯმენტი ერთმანეთისგან გაიმიჯნა. ჩამოყალიბდა ბორდი, რომელსაც გიორგი ყიფიანი უხელმძღვანელებს, ხოლო წევრთა შორის შოთა არველაძეც იქნება - ქართული ფეხბურთის ლეგენდა, რომელიც თავისი მდიდარი საფეხბურთო და სამენეჯერო საერთაშორისო გამოცდილებით მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ამ პროცესებში.

18 ივნისს, 14:00 საათზე პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც აღნიშნული საკითხის შესახებ ლოკომოტივის დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა, ლექსო თოფურიამ, გიორგი ყიფიანმა და შოთა არველაძემ ისაუბრეს.

პრესკონფერენციაზე ხაზი გაესვა იმ ძირითად მიმართულებებს, რომელზეც სამეთვალყურეო ბორდი იმუშავებს და აღინიშნა ინვესტიციების მნიშვნელობა, რაც ლოკომოტივს განვითარების საშუალებას მისცემს.

გადავწყვიტეთ, რომ მფლობელობა და მენეჯმენტი ერთმანეთისგან გამოგვეყო. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა სამეთვალყურეო საბჭო, რომელსაც გიორგი ყიფიანი უხელმძღვანელებს. მას ლოკომოტივში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ასევე, ბორდის წევრი იქნება შოთა არველაძე, რაც ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა და იმედი გვაქვს, რომ ბორდის მეშვეობით უფრო დიდ ინვესტიციას მოვიზიდავთ და უკეთესი მართვის სისტემას დავნერგავთ - ლექსო თოფურია.
მოხდა მენეჯმენტისა და მფლობელობის გამიჯვნა, ჩამოყალიბდა ბორდი, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით გუნდის განვითარებაზე იზრუნებს. პირველადი პრიორიტეტი იქნება ინვესტიციების მოზიდვა და მათი სწორად გახარჯვა. ასევე, გვინდა, რომ განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ აკადემიას, ვინაიდან ჩვენნაირი საფეხბურთო ქვეყნისთვის ძლიერი აკადემიის არსებობა ძალიან საინტერესო და მიმზიდველია - შექმნა საკუთარი პროდუქტი, მიაწოდო ის ასაკობრივ ნაკრებებს და შემდეგ უკვე ძირითად გუნდს - გიორგი ყიფიანი.
იდეის არსი არის, რომ მე ვიქნები სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, სადაც გადაწყვეტილების მიღებამდე შევძლებ ჩართვას და ჩემი გამოცდილების გაზიარებას. შესაძლოა ამ ყველაფერმა კიდევ უფრო მეტად შეუწყოს ხელი გუნდის უკეთ წარმოჩენას და რაც შეიძლება სწრაფად შევძლო თანაინვესტორის, პარტნიორის დაინტერესება, რომ არსებობს ასეთი გუნდი და ფუნდამენტი იმისა, რომ აქ შეიძლება საინტერესო პროექტის გამართვა. - შოთა არველაძე.

სხვა სტატიები