პარტიზანის მწვრთნელი: "ალბანური და ქართული ფეხბურთი სწორი მიმართულებით ვითარდება"
4 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
უეფას ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "იბერია 1999-სთან" მატჩის წინ, ალბანური "პარტიზანის" მთავარმა მწვრთნელმა, ორგეს შეიმ კომენტარი გააკეთა.
""მეორე საკვალიფიკაციო ეტაპამდე მოსასვლელად რთული გზა გავიარეთ და ორი მატჩი ვითამაშეთ. აქ მაქსიმალურად წარმატებული შედეგის დასაფიქსირებლად ჩამოვედით, მაგრამ არ მივიჩნევთ, რომ ფავორიტები ვართ.
2 წლის წინ "პარტიზანმა" "იბერია 1999-სთან" უკვე ითამაშა, ასევე, მე "ტირანას" მთავარი მწვრთნელის რანგში "დინამო ბათუმთან" მატჩების დროს ვიმუშავე. ქართულ ფეხბურთს კარგად ვიცნობ. საქართველოს ნაკრების წარმატებულმა ევროპის ჩემპიონატმაც კიდევ უფრო მეტი რამ გვასწავლა და მთლიანად, მეტოქესთან სათამაშოდ, მაქსიმალურად მომზადებულები ვართ.
ალბანეთის ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა ქვეყანაში საფეხბურთო სამყაროს განვითარებას დაეხმარება. როცა ჩვენს ქვეყანას ევროპის ჩემპიონატზე დებიუტი ჰქონდა, მე ნაკრებში ვთამაშობდი. მას მერე, როგორც ალბანეთის, ისე საქართველოს საფეხბურთო ცხოვრება უფრო მეტად განვითარდა და სწორი მიმართულებით სიარული დაიწყო. არამხოლოდ სათამაშო მიმართულებით, ინფრასტრუქტურული კუთხითაც. მე უკვე მეორედ ვარ საქართველოში და ვხედავ კიდევ ერთ ძალიან კარგ სტადიონს", - ამბობს ალბანელი სპეციალისტი.
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მოქმედი გამარჯვებული ევროპულ სეზონს 25 ივლისს, თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე გასამართი მატჩით დაიწყებს. შეხვედრა 20:00 საათზე აიღებს სტარტს.