ოთარ კიტეიშვილი: "ორივე მატჩი იმედგაცრუება გამოდგა, მაგრამ იმედი მაქვს საკუთარ შეცდომებზე ვისწავლით"
საქართველოს ნაკრებისა და გრაცის "შტურმის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ოთარ კიტეიშვილმა, უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრაში, "ბრიუგესთან" წაგების (0:1) შემდეგ, გუნდის გამოსვლის შესახებ ისაუბრა.
"ჩემპიონთა ლიგაზე ორივე მატჩი იმედგაცრუება გამოდგა, მაგრამ ჩვენ კვლავ ძალიან ახალგაზრდა გუნდი ვართ, გამოცდილებას ვიძენთ და იმედი გვაქვს, რომ საკუთარი შეცდომებიდან სწავლას მოვახერხებთ.
გვჭირდება, რომ უფრო მეტად გამბედავები გავხდეთ, მატჩის დროს უფრო ვერტიკალურად ვიფიქროთ და მეტოქის კარისაკენ ზეწოლა გავზარდოთ. მეტოქემ მატჩი გააკონტროლა, ჩვენ კი პრესინგის თამაშის მიუხედავად, მომენტების შექმნა ვერ შევძელით. რამდენიმე მომენტი გვქონდა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა", - ამბობს საქართველოს ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველი.
ოთარ კიტეიშვილის გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატით მიმდინარე ტურნირზე ორიდან ორი მატჩი წააგო, სადებიუტო ქულების აღების შესაძლებლობა კი გუნდს მესამე ტურში, ლისაბონის "სპორტინგთან" 22 ოქტომბერს ექნება.
ოთარ კიტეიშვილისთვის გასული წლები გამორჩეულად წარმატებულია, ზედიზედ ორი სეზონია ის ავსტრიის თასს იგებს, ჩემპიონატში კი "ზალცბურგის" დომინირების შეწყვეტა და ტიტულის მოპოვებაც მოახერხა. წინა სეზონში ქართველი ფეხბურთელი გუნდის საუკეთესო ბომბარდირი და ავსტრიის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ახალ სეზონში მის აქტივში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 11 შეხვედრაში 3 გოლის გატანა და 1 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.