ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს ტიტულოვანი ხორვატული გუნდი აკვირდება
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელს, ლუკა გიორგაძეს, ტიტულოვანი ხორვატული გუნდი, სპლიტის "ჰაიდუკი" აკვირდება.
ჩვენი ინფორმაციით, პოზიციით მარჯვენა მცველი, 16 წლის ფეხბურთელი "ჰაიდუკის" ინტერესთა სფეროშია. ის უახლოეს პერიოდში ხორვატიაში გაემგზავრება და შესარჩევ ეტაპს გაივლის.
ლუკა გიორგაძეს კონტრაქტი წყალტუბოს "სამგურალთან" აკავშირებს, ამჟამად კი სფფ-ის ქუთაისის აკადემიაში ვარჯიშობს და თამაშობს.
სპლიტის "ჰაიდუკი" ზაგრების "დინამოს" შემდეგ ხორვატიის მეორე ყველაზე ტიტულოვანი გუნდია. გუნდს 6-ჯერ ქვეყნის ჩემპიონატი, 8-ჯერ თასი და 5-ჯერ სუპერ თასი აქვს მოგებული. "ჰაიდუკი" ჩემპიონთა თასის/ლიგის სამგზის მეოთხედფინალისტია და ასევე მონაწილეობა უეფას თასის/ევროპა ლიგის და თასების მფლობელთა თასის ნახევარფინალში აქვს მიღებული. ამჟამად, ხორვატიის ჩემპიონატში გუნდი მეორე ადგილს იკავებს. გუნდის მთავარი მწვრთნელი, ჯენარო გატუზოა.