ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ჩემპიონატში საუკეთესოს წოდებისთვის იბრძვის
საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, ოთარ კიტეიშვილი, ავსტრიის ბუნდესლიგის 2024/25 წლების სეზონის მესამე ტურის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოსთვის იბრძვის.
აღნიშნული სტატუსის მოსაპოვებლად ავსტრიულმა საფეხბურთო მედია საშუალება laola1-მა 5 ფეხბურთელი დაასახელა, რომელთა შორის გამარჯვებულს ხმის მიცემის შედეგად გულშემატკივარი გამოავლენს.
სიაში ქართველი ფეხბურთელიც მოხვდა, რომელსაც ავსტრიული მედია ასე აფასებს: "კლაგენფურტთან" მატჩში ოთარ კიტეიშვილის მიერ გატანილი პენალტი, რთული ბრძოლის მოსაგებად გარდამტეხი და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.
ოთარ კიტეიშვილისთვის მიმდინარე სეზონში ეს სადებიუტო გოლი გახლდათ. გრაცის "შტურმმა" ახალ სეზონში საწყის მატჩში წაგების შემდეგ ორი გამარჯვება მოიპოვა და სამი სათამაშო კვირის შემდეგ მესამე ადგილზე იმყოფება. შემდეგ მატჩს გრაცელები "ალტახთან" 24 აგვისტოს გამართავენ. მატჩი თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.
2023/24 წლების სეზონში ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ჩემპიონატში თავისი გუნდის საუკეთესო ბომბარდირისა და ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მოიპოვა. რაც შეეხება "შტურმს", მათ "ზალცბურგის" 10-წლიანი დომინაციის შეწყვეტა და ჩემპიონობა მოახერხეს. გუნდმა ასევე, ზედიზედ მეორედ ავსტრიის თასი მოიგო.