"ემოციებს ვერც კი აღვწერ, ამ მომენტით დავტკბებით და ვიზეიმებთ" - ოთარ კიტეიშვილი
6 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ოთარ კიტეიშვილის გრაცის შტურმი 2024/25 წლების სეზონის ავსტრიის ბუნდესლიგის გამარჯვებულია. ქართველი ფეხბურთელის გუნდი ბოლო 32-ე ტურის შეხვედრაში სანდრო ალთუნაშვილის ვოლფსბერგერს დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა, ეს ანგარიში გრაცულ გუნდს ხელს აძლევდა და საკმარისი იყო ჩემპიონობისთვის. შტურმისთვის და ოთარ კიტეიშვილისთვის ეს ჩემპიონობა ზედიზედ მეორეა.
მატჩის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა მედიასთან კომენტარი გააკეთა:
ემოციებს ვერც კი აღვწერ. სეზონი ძალიან გრძელი და რთული იყო, ყველანი დაღლილები ვართ, მაგრამ ამ მომენტით დავტკბებით და ვიზეიმებთ. ეს ალბათ საუკეთესო გრძნობაა, რთული სეზონის შემდეგ გამარჯვების აღნიშვნა და ემოციების განცდა, დღეს საღამოს ბევრი გეგმა გვაქვს.
სეზონი ძალიან რთულად განვითარდა, ბოლო წუთებამდე არ იყო გადაწყვეტილი ჩემპიონის ვინაობა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მეტოქემ გაგვიტანა. ჩვენ შესანიშნავი სამუშაო ჩავატარეთ, ეს გუნდიც და მისი გულშემატკივრებიც საუკეთესოს იმსახურებენ. - ოთარ კიტეიშვილი
კიტემ შესანიშნავი სეზონი ჩაატარა, მან ყველა ტურნირის ეგიდით 41 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 13 გოლი და გააკეთა 5 საგოლე გადაცემა. ავსტრიის ბუნდესლიგაში ქართველმა 12 გოლი გაიტანა, ამ მაჩვენებლით მან საუკეთესო ბომბარდირებში მე-4 ადგილი დაიკავა.