"არასდროს შემიძენია უკეთესი ფეხბურთელი" - შტურმის ყოფილი სპორტული დირექტორი კიტეიშვილზე
სწორედ ამიტომ არის ოთარ კიტეიშვილი შტურმის ფეხბურთელი, ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ავსტრიული გამოცემა kleinezeitung და გრაცის გუნდის რიგებში ქართველი ფეხბურთელის პირველ ნაბიჯებს გვახსენებს. ოთარ კიტეიშვილი გრაცის "შტურმში" 2018 წელს "დინამო თბილისიდან" გადავიდა, მას შემდეგ კი ბევრი საინტერესო რამ მოხდა.
თორმეტი გოლით, ამ სეზონში ოთარ კიტეიშვილი "შტურმის" საუკეთესო ბომბარდირია. მან "ლინცთან" გამარჯვების გოლი გაიტანა და ბომბარდირთა სიაში მიკა ბიერეთს გადაასწრო, რომელიც ზამთარში "მონაკოში" გადავიდა. ქართველმა მოთამაშემ ყველა თამაშის გადამწყვეტ ფაზაში გოლი გაიტანა და ყველა პენალტი, რომელიც მან ამ სეზონში შეასრულა, გაიტანა. კიტეიშვილს ბევრი საფეხბურთო ექსპერტი აღწერს, როგორც განსხვავების შემქმნელს. მას აქვს განსაკუთრებული უნარები, ის არის ლიდერი, საუბრობს ხმამაღლა გასახდელში, როდესაც თვლის, რომ ეს საჭიროა. მისი ტრავმები, როგორც ჩანს, წარსულს ჩაბარდა, მისი თამაშის დონე კი ამჟამად სტაბილურია.
მაგრამ ვინ მიიყვანა ოთარ კიტეიშვილი "შტურმში"? გრაცის გუნდის ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, გიუნტერ კრაისლმა ნახევარმცველი შენიშნა, მისი პროფილი დეტალურად დაათვალიერა და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ "შტურმს" ეს მოთამაშე უნდა ჰყოლოდა.
გიუნტერ კრაისლი ავსტრიის ფეხბურთის ფედერაციაში ტალანტების განვითარებაში აქტიურად არის ჩართული და მის სიტყვებს ავსტრიული გამოცემა ციტირებს:
მე მოთამაშის შესაძლებლობებმა დამარწმუნა, იმდროინდელი მწვრთნელი, ჰეიკო ვოგელი მხარს მიჭერდა. მიუხედავად იმისა, რომ ტრანსფერის ღირებულება ექვსნიშნა იყო და გუნდს ამისთვის ბიუჯეტი არ ჰყოფნიდა, გუნდის ხელმძღვანელობა მის შეძენას მაინც დათანხმდა. ამ დრომდე კარგად მახსოვს მოლაპარაკებების მიმდინარეობა. ამსტერდამში სასტუმროს ტერასაზე ვიჯექი და მის აგენტთან დიდხანს ვსაუბრობდი. - გიუნტერ კრაისლი - გრაცის "შტურმის" ყოფილი სპორტული დირექტორი
ამ ტრანსფერის დროს, 2018 წლის ივლისში "შტურმი" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშობდა, მათი მეტოქე "აიაქსი" იყო. კიტეიშვილის ტრანსფერში გუნდს ძალიან გაუმართლა, რადგან გიუნტერ კრაისლს კარგი ინსტიქტი აღმოაჩნდა და ეს ფულის ინვესტირების გაბედული გადაწყვეტილება იყო. 29 წლის ფეხბურთელი მოედანზე ექსტროვერტია და გამარჯვების დაუოკებელი სურვილი აქვს. კრაისლს ჰკითხეს იყო თუ არა ეს მისთვის საუკეთესო შენაძენი, მან თვალის დახამხამების გარეშე უპასუხა:
კიდევ უფრო ბედნიერი ვარ, რომ ოთარი შტურმში ასეთი წარმატებულია. მას ვიცნობდი, როგორც გამორჩეულ, კეთილშობილ, მშვიდ და მოკრძალებულ ადამიანს, რომელიც მოედანზე ყველაფერს აკეთებდა. არასდროს შემიძენია უკეთესი ფეხბურთელი. - გიუნტერ კრაისლი - გრაცის "შტურმის" ყოფილი სპორტული დირექტორი

ოთარ კიტეიშვილს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ეგიდით 13 გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს. ჩემპიონატში 12 გოლი დაუგროვდა, რითაც საუკეთესო ბომბარდირ, ბრაზილიელ "ლინცის" ფორვარდ, რონივალდოს 2 ბურთით ჩამორჩება.