ოთარ კაკაბაძე: "გამარჯვება ყველას ძალიან მოგვენატრა"
საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი, ოთარ კაკაბაძე უკრაინასთან გასამართი შეხვედრის წინ საუბრობს. ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ მეტოქეს საქართველოს ნაკრები 2026 წლის დასკვნითი შეხვედრის ეგიდით შეხვდება.
"ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველის, რომელიც ჩვენთვის ბევრს ნიშნავს.
გამარჯვება ყველას ძალიან მოგვენატრა და ვეცდებით გულშემატკივარი გავახაროთ. რაც შეეხება კაპიტნობას, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა.
ყველამ იცით ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის შესახებ, ის დიდი ხნით გამოგვაკლდება, როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ. ასევე გვაკლია ჩვენი მეორე კაპიტანი, ოთარ კიტეიშვილი, რომელიც შედარებით მალე დაგვიბრუნდება.
მათი შეცვლა ურთულესია, რადგან ორივე უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. მათ მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ", - ამბობს ოთარ კაკაბაძე.
ნაკრებებისთვის მატჩს სატურნირო თვალსაზრისით გადამწყვეტი და პრინციპული მნიშვნელობა აქვს: ჩვენი გუნდი მესამე ადგილზე გასვლას მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში შეძლებს, ყველა სხვა შედეგი კი ხელს მეტოქეს აძლევს. მესამე ადგილი ერთა ლიგის B დივიზიონში ადგილის პირდაპირ შენარჩუნებას ნიშნავს, მეოთხე პოზიციაზე გასვლა კი C ლიგის მეორეადგილოსანთან პლეიოფის გარანტიაა. ამავე დროს, თუ საქართველოს ნაკრები პლეიოფში თამაშს თავს აარიდებს, ევროპის 2028 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 5-გუნდიან ჯგუფში მოხვდება, სხვა შემთხვევაში კი 4-გუნდიანში და გამოსვლას შემოდგომაზე დაიწყებს.
უეფას ერთა ლიგის 2026/2027 წლების სეზონის B დივიზიონის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის მატჩში საქართველო უკრაინას 17 ნოემბერს შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.